21/07/2023
15:34
მსოფლიო
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ, ჯერ კიდევ 416 000 წლის წინ, გრენლანდია შესაძლოა მწვანე ზონა და ყინულისგან თავისუფალი იყო. ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ მეცნიერთა შეშფოთება გამოიწვია, რადგან გრენლანდიის ყინულის ფირფიტები შეიძლება არ იყოს ისეთი მდგრადი, როგორც მანამდე ითვლებოდა. კვლევა გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს რეგიონის ლანდშაფტი კლიმატის ცვლილებაზე.
მკვლევარებმა რეგიონში შეგროვებული ყინულის ბირთვიდან ამოღებული დანალექი შეამოწმეს და იმ პერიოდში [416 000 წლის წინ] ფოთლებისა და ხავსის არსებობა დაადასტურეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ, როდესაც დედამიწა 424,000-დან 374,000 წლამდე პერიოდში ზომიერად თბებოდა, გრენლანდიის ყინულის დიდი ნაწილი დადნა, რამაც ზღვის დონის 1,5-6 მეტრამდე გლობალური აწევა გამოიწვია.
კვლევა ეწინააღმდეგება ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ გრენლანდიის ყინულის დიდი ნაწილი, სულ მცირე, მილიონი [მეტი თუ არა] წელია, რაც არსებობს.
„ეს მართლაც პირველი უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ დედამიწის დათბობის პერიოდში გრენლანდიის ყინულის დიდი ნაწილი გაქრა. ყინულის ბირთვები მყინვარებიდან და ყინულის ფურცლებიდან წამოსული ღრუიანი ყინულის ცილინდრებია, რომლებიც არსებითად გამყინვარების ეპოქისდროინდელი კაფსულებია, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, აღადგინონ დედამიწის მილიონობით წლისწინანდელი კლიმატი,“ - თქვა აშშ-ის ვერმონტის უნივერსიტეტის პროფესორ-გეოლოგმა პოლ ბიერმანმა.
ახალი კვლევის მიხედვით, ყინულის ბირთვი 3,6 მ სიგრძისაა და ამოღებულია ჩრდილო-დასავლეთ გრენლანდიიდან, Camp Century-დან, რომელიც ცივი ომის დროს აშშ-ის არმიის საიდუმლო ბაზის ფუნქციას ასრულებდა. ყინულის ნიმუში ათწლეულების განმავლობაში მივიწყებული იყო და, შემთხვევით, ხელახლა 2017 წელს აღმოაჩინეს.
მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ, დათბობის პერიოდში, ყინულის ბირთვში დანალექი წყლის მეშვეობით დაგროვდა.
გარდა იმისა, რომ გრენლანდია არ იყო ყინულით დაფარული, შესაძლოა იმ დროს ეს ზონა გადაიქცა ტუნდრად, სადაც გავრცელებული იყო ბორეალური ტყეები და მამონტები.
0
0