13/01/2026
12:59

შვედეთის ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრმა, ებბა ბუშმა, სელენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე ღიად განაცხადა: "გრენლანდიის შემდეგ, დონალდ ტრამპმა შესაძლოა ყურადღება შვედეთზე გადაიტანოს მისი იშვიათი ლითონების უზარმაზარი მარაგების გამო. მისი თქმით, ქვეყნის გეოლოგიური სტრუქტურა გრენლანდიის მსგავსია, ხოლო კირუნაში ევროპაში უდიდესი საბადოს ბოლო დროს აღმოჩენამ შვედეთის წიაღისეული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახადა."
„ჩვენ გვაქვს პრინციპში იგივე, ლითონებით მდიდარი მთის ქანი. ამიერიდან მაღაროები სრულიად სხვა წონას იძენენ და შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის საკვანძო ნაწილი ხდებიან“, — განაცხადა ებბა ბუშმა გამოცემა Expressen-თან ინტერვიუში.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი დომინირებს იშვიათი ლითონების ბაზარზე (მსოფლიო მოპოვების 70% და გადამუშავების 90%), ამიტომ, შვედეთმა სასწრაფოდ უნდა გააძლიეროს საკუთარი სამთო-მოპოვებითი დარგი, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებლობა და მიწოდების უსაფრთხოება.
შეკითხვაზე — არსებობს თუ არა შვედურ რესურსებზე ამერიკული წნეხის რისკი — ბუშმა დადებითად უპასუხა და თქვა.
„დიახ. ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვმართოთ ეს რესურსები. მინდა, რომ შვედეთისთვის გვერდის ავლით მოქმედება რთული იყოს და ისეთ ლიდერებს, როგორიცაა დონალდ ტრამპი და სი ძინპინი, გაუჭირდეთ შვედეთთან მიდგომა“, — აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ბუშისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს. იგი შვედური მინერალების მიმართ ინტერესს „კარგ ამბავს“ უწოდებს და მათზე კონტროლის აუცილებლობას უსვამს ხაზს. თუმცა, ებბა ბუშის სიტყვები ნათლად აჩვენებს: სტოკჰოლმში უკვე სერიოზულად შიშობენ, რომ ტრამპის ექსპანსიონისტური პოლიტიკა, რომელიც სტრატეგიულ ნედლეულზეა ორიენტირებული, შესაძლოა სკანდინავიურ ქვეყანაზეც გავრცელდეს.
შვედეთში გაჩენილი „ტრამპის ახალი შიში“ არ არის უბრალოდ სპეკულაცია — ეს არის სიგნალი აშშ-ის, როგორც საიმედო მოკავშირის მიმართ მზარდი უნდობლობისა და იმისა, რომ ნატო-ს შიგნითაც კი, ევროპული ელიტები სულ უფრო მეტად გრძნობენ თავს ამერიკული წნეხის პოტენციურ ობიექტებად მომავლის რესურსებისთვის ბრძოლაში.
0
0