
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ამ მიმართულებით არის სისტემური გარდაქმნა, რომელიც აუცილებელია. არსებობს ასეთი - ევროკავშირის "არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა" და მის ფარგლებში, არაერთი მსგავსი ცვლილებები დაინერგა სტრუქტურულად, რომ ურთიერთობების ასიმეტრია, რაც არსებობს ბაზარზე, მოთამაშეებს შორის, გასწორებულიყო და სავაჭრო ურთიერთობები გამხდარიყო სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური," - განაცხადა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, საბოლოო დასკვნის წარმოდგენის პროცესში.
მისივე თქმით, რადგან სექტორი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, აგრესიული ჩარევა რეკომენდებული არ არის.
"ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ დირექტივის ფარგლებში, შესაბამისი კანონპროექტი შემოვიდეს პარლამენტში და პარლამენტმა შემდეგ უნდა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო, ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის. ეს არის საშუალოვადიანი პერიოდი.
გთხოვთ, გავითვალისწინოთ, რომ სექტორი არის ძალიან დიდი - ის შეადგეს ჩვენი ეკონომიკის 21%-ს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა ქმნის სისტემურ რისკებს. რისკები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შემდეგ ეკონომიკაზე, ამიტომ მიდგომა უნდა იყოს ძალიან ტარგეტირებული., წერტილოვანი, დეტალებში გაწერილი და "არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის" ნაწილში, უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე ამ დოკუმენტის დამუშავება.
ამას ალბათ რაღაც პერიოდი დასჭირდება, - იმპლემენტაციასაც დასჭირდება რაღაც დრო, რომ ეს სისტემურად გასწორდეს. ის, რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ერთ დღეში ვერ გასწორდება, ერთ დღეში მისი გასწორება საშიშიც არის, რადგან სექტორმა შესაძლებელია შოკირებული დარტყმა მიიღოს და შედეგად მივიღოთ არა ფასების შემცირება, არამედ ბაზარზე შოკური ფასები, რაც სისტემურ რისკებთანაა დაკავშირებული. აგრესიული ჩარევა ჩვენი მხრიდან რეკომენდებული არაა, მაგრამ, ვფიქრობ, 6-დან 9 თვემდე პერიოდში შესაძლებელია, ეს ყველაფერი დასრულდეს და სისტემა გაჯანსაღდეს," - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
0
0