27/03/2023
18:21
პოლიტიკა
ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს - გრცხვენოდეთ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
“შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივი სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, მორალურად, მითუმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევებში, ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება. ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერ თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენ კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და რამაც შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიას იცნობდნენ და იცნობენ კიდევ, იმედი მაქვს, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას, ქვეყანას, სადაც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას. ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავ პოლიტიკური ზიანიც. იმ დროს, როცა ხელისუფლება თავს აწონებს სწორედ 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილების შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორეთი ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
0
0