07/11/2022
13:05
პოლიტიკა
ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია რადიო „თავისუფლების“ ქართული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ, ერეკლე მეფისადმი მიძღვნილ მასალას „ამაზრზენ პასკვილსა“ და „სამარცხვინო ქმედებას“ უწოდებს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს როცა მთელი საქართველო სახელოვანი მონარქის, ერეკლე მეფის დაბადების დღეს ბატონის ციხეში დიდი გამოფენითა და ახლად გამოცემული უნიკალური ალბომით ზეიმობს ქართული პრესა (თუ ამას პრესა ქვია) სამშობლოში ქართველობას ამ ბინძური ჭორით ულოცავს პატარა კახის დაბადების დღეს!“ - წერს გიორგი კალანდია.
მისი თქმით, ეს მედიასაშუალება ყველაზე „მდარე ბულვარულ და ყვითელ პრესას“ დაემსგავსა.
„იშვიათად ვყოფილვარ ასეთი აღშფოთებული! სამწუხაროდ რადიო "თავისუფლება" (ქართული გამოცემა) ყველაზე მდარე ბულვარულ და ყვითელ პრესას დაემსგავსა! დახეთ ქართველობას როგორ მოგვილოცეს 7 ნოემბერს ერეკლე მეფის დაბადების დღე!? ამაზრზენი და უხეირო ჭორით!
რატომ გახდა ამ ბინძური და სამარცხვინო ტყუილის მაინცდამაინც დღეს გამოქექვა და გამოქვეყნება საჭირო?! რუსული ნარატივით გაჟღენთილი XIX საუკუნის ეს სიბინძურე მაშინ ქართველობისათვის ერეკლე მეფის შეძულებას ისახავდა მიზნად!“, წერს კალანდია, რომელმაც „ამაზრზენი პასკვილის გამოცხობისა და გავრცელებისათვის“ მედიასაშუალების ქმედებას სამარცხვინო უწოდა.
„დღესაც მიზანი იგივეა! დღეს როცა მთელი საქართველო სახელოვანი მონარქის დაბადების დღეს ბატონის ციხეში დიდი გამოფენითა და ახლად გამოცემული უნიკალური ალბომით ზეიმობს ქართული პრესა (თუ ამას პრესა ქვია) სამშობლოში ქართველობას ამ ბინძური ჭორით ულოცავს პატარა კახის დაბადების დღეს! ეს ის პატარა კახია, რომელიც ინგლისელებმა გმირ ჰერაკლეს შეადარეს, ირლანდიელებმა " ახალი ჰერკულესი" უწოდეს, პორტუგალიელებმა და პრუსიელებმა "აღმოსავლეთის ლომად " შერაცხეს! სულმნათი და ნეტარხსენებული მეფე ერეკლე, რომელიც ქართველობამ დაჩეხილი და ასგზის ნაიარევი სხეულით დაკრძალა და სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში დაფლულ საქართველოს "ცხელ გულად" მიიჩნია... " ბრწყინვალე მეფე საქართველოისა" - ეს კი ილია ჭავჭავაძის სიტყვებია! ასე რომ გრცხვენოდეთ ამ ამაზრზენი პასკვილის გამოცხობისა და გავრცელებისათვის ბატონებო! ეს ქართველობასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც წარმატება არ უწერია“, წერს კალანდია.
გიორგი კალანდიას ფეისბუკ-პოსტი გაიზიარა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და დაწერა - „საბჭოთა“.
ცნობისთვის, გიორგი კალანდიას ფეისბუკ-პოსტი ეძღვნება რადიო “თავისუფლების” მიერ, 2020 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც ერეკლე მეფის შესახებ არის მომზადებული.
0
0