
"გრან პალეში“ პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გახსნა.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „მწერალთა სახლი“ პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით უკვე მეორედ წარდგა. წელს სტენდის ვიზუალური კონცეფცია, 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობის მსგავსად, ქართველი მოღვაწის, იოანე-ზოსიმეს, ხელნაწერის მიხედვით მომზადდა.
„აღმოაჩინე ქართული საიდუმლო, ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს...“ - ეს არის საქართველოს სტენდის ძირითადი გზავნილი. ეროვნულ სტენდზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის მულაჟია წარმოდგენილი.
სტენდზე წარმოდგენილია საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის ხელშეწყობით ფრანგულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული 200-მდე წიგნი. მათ შორის არის „დიონისოს ღიმილი“ (კონსტანტინე გამსახურდია), „თანამედროვე ქართული ლიტერატურა“ - კრებული, რომელიც ათი თანამედროვე მწერლის ნაწარმოების განხილვას მოიცავს (ადა ნემსაძე), „ქართველი მხატვრები პარიზში“ (შორენა შავერდაშვილი, „ელენე ახვლედიანი: პარიზული პერიოდი“ (გია ჯამბერიძე და ხათუნა კიკვაძე), „სიმბოლიზმი საქართველოში, ქართულ-ფრანგული პარადიგმა“ (ბელა ხაბეიშვილი და ფრანსის კლოდონი), ქართული მოთხრობების კრებული „ფანჯარა“ (მთარგმნელი: დალი იაშვილი), „დევნილთა უღელტეხილი“, გურამ ოდიშარია), დავით გურამიშვილის „დავითიანი", ქართული ხალხური ზღაპრები და სხვ.
სტენდის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საფრანგეთში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე კოკაია და დელეგაციის სხვა წევრები.
ფესტივალის დღეებში დაგეგმილია გამომცემლობების - „სეზანი“, „ბაკმი“, „მერიდიანი“, თსუ-ს გამომცემლობა, „საქწიგნი“, „წიგნი+ერი“ წარმომადგენელთა საქმიანი შეხვედრები, ასევე საქართველოს მწერალთა სახლის მთარგმნელობითი საგრანტო პროგრამისა და კატალოგის პრეზენტაცია. მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული ლიტერატურის თარგმანებს გაეცნონ და თანამედროვე ავტორებს შეხვდნენ.
წელს პირველად წარმოდგენილი იქნება საბავშვო ლიტერატურის სტენდი, სადაც გამოიფინება ფრანგულად თარგმნილი ქართული ზღაპრები. სტუდია „ქართული ფილმი“ ფესტივალის სტუმარ ბავშვებს საბავშვო სოფელში ქართული დიაფილმების ისტორიას მოუყვება და ფრანგულ ენაზე წაუკითხავს ილუსტრირებულ ზღაპარს დიაფილმების გამოსახულებებით. წარმდგენი: სტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი, თარჯიმანი ანა ჟღენტი, ზღაპარს წაიკითხავს მატეო ბაბლუანი.
გაიმართება შეხვედრა ქართველ თანამედროვე პოეტებთან - გიორგი ლობჟანიძესთან, პაატა ნაცვლიშვილთან, ელა გოჩიაშვილთან და ლია სტურუასთან. გაიმართება კინოჩვენება და წიგნის პრეზენტაცია „ცხოვრება კინო არ არის“ - რეჟისორ მიხეილ კობახიძისადმი მიძღვნილ წიგნსა და დოკუმენტურ ფილმს ავტორი და რეჟისორი ნინო ხოფერია წარადგენენ.
„გრან პალეს“ სტუმრებისთვის ქართველი ხელოვანების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი - „პოეზია, როგორც მუსიკის ინსპირაცია“. საკონცერტო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ქართული და მსოფლიო მუსიკის სასიმღერო ნიმუშები. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ იანო ალიბეგაშვილი, ნატო მეტონიძე, კონსტანტინე ყიფიანი, ნიკა ნიკვაშვილი და ლელა მჭედლიძე.
პარიზის წიგნის ფესტივალი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება. ფესტივალში 1 200-მდე გამომცემელი და 2 000-მდე ავტორი მონაწილეობს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ პროექტის მხარდაჭერა ხორციელდება ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით, ქართველი მწერლებისა და გამომცემლების საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების, ახალი საერთაშორისო კონტაქტების დამყარებისა და მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისთვის ხორციელდება.
0
0
ქართული ენის დღე თსუ-ში
14/04/2025