
არასამთავრობო ორგანიზაციები არამარტო სახელმწიფო გადატრიალებით არიან დაკავებულნი საქართველოში, დასავლეთში მათ წარადგენენ, ასევე, როგორც საქართველოს ექსპერტებს, ეს ადამიანები კი დასავლეთს არაფერს ეუბნებიან საქართველოში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების თაობაზე, - განაცხადა აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა „ტელეიმედის“ გადაცემაში „თბილისის დროით".
მისივე თქმით, ქართველებს უნდა მიეცეთ საშუალება თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი, ეს არ არის დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, რომლებიც ევროპის ქვეყნების მთავრობების მიერ ფინანსდებიან და ამავე დროს უცხო სახელმწიფოების უშიშროების სამსახურების მიერ იმართებიან.
„მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ასევე, მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა წარმოადგენდეს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების კრებულს, რომელიც უცხოეთიდან არ იმართება. ეს ორგანიზაციები კი სწორედ უცხო სახელმწიფოთა ხელისუფლებებისგან და უშიშროების სამსახურებისგან იღებენ დაფინანსებას და შესაბამისადაც, არიან უცხო ინტერესების მსახურნი. ეს კი უკვე აღარ არის სამოქალაქო საზოგადოება.
აქედან გამომდინარე მე დიდი ეჭვით ვუყურებ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ეს არ გახლავთ შეთქმულების თეორია, პირიქით, ეს არის კარგად აღწერილი გამოწვევა. არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენება სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ არ გახლავთ ახალი მოვლენა. ჯერ კიდევ 1983 წელს, პრეზიდენტმა რეიგანმა და ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ დაუდეს სათავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ე.წ. NED-ს. მიზანი კი გახლდათ მკაფიო: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რიგი დანიშნულებების არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადაბარება. რა საჭიროა საიდუმლოება, როდესაც ღიად შეგიძლია იცრუო“, - აღნიშნა გლენ დისენმა.
მისივე განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე შესანიშნავია სხვადასხვა გეოპოლიტიკური ინტერესის გასატარებლად, მათი წარმოჩენა ადამიანების უფლებების დაცვის ჭრილში.
„ახლა ხომ ყველაფერი ადამიანის უფლებებისა და ავტორიტარიზმის დაპირისპირებაში აისახება! მე ეს პირადად მეხება, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მუშაობს, ნორვეგიაშიც არის წარმოდგენილი, მათი დამფინანსებელიც ერთია - NED - ი. ისინი ზუსტად იმავე საქმიანობით არიან დაკავებულნი. თუკი გაბედავ მათ კრიტიკას, ისინი შენ გადაგეკიდებიან. არასამთავრობოები მე ასე მებრძვიან - უგზავნიან სხვადასხვა დაწესებულებებს წერილებს და აფრთხილებენ ჩემთან არ ითანამშრომლონ, მაყენებენ შეურაცხყოფას სოცმედიასა და ბეჭდურ მედიაში. ინტერნეტში გაავრცელეს ჩემი საცხოვრებელი მისამართი და სახლის ფოტოები. არასამთავრობო ორგანიზაციები არამარტო სახელმწიფო გადატრიალებით არიან დაკავებულნი საქართველოში, დასავლეთში მათ წარადგენენ ასევე როგორც საქართველოს ექსპერტებს, ეს ადამიანები კი დასავლეთს არაფერს ეუბნებიან საქართველოში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების თაობაზე. ისინი ავრცელებენ მხოლოდ აქციის კადრებს, აცხადებენ, რომ ხელისუფლება პრო - რუსულია, ქმნიან ვიდეო - კლიპებს, ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ საქართველოში ხალხი ხელისუფლების ცვლილებას ითხოვს. თან ფიქრობენ - ამ ადამიანების ბოროტი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენება თუ შეიძლება, მთლად უკეთესი, გამოვიყენოთ! ეს საშინელებაა და ჩემი გზავნილია, რომ ქართველებს უნდა მივცეთ საშუალება, თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი. ეს არ გახლავთ დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, იმ ორგანიზაციების, რომლებიც ჩვენი მთავრობების მიერ ფინანსდებიან და ამავე დროს უცხო სახელმწიფოების უშიშროების სამსახურების მიერ იმართებიან“, - აღნიშნა გლენ დისენმა.
0
0