
გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აქტიურად მუშაობს უპატრონო ცხოველების სტერილიზაციის მიმართულებით, მათი სწრაფი გამრავლება მაინც ხდება, დედაქალაქში არსებული თავშესაფარი კი არსებულ რაოდენობას ვერ უმკლავდება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკები, პოსტოპერაციულ სივრცე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც უახლესი აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვება.
ცხოველთა ახალი თავშესაფარი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. გარდა ამისა, როგორც იცით, სააგენტომ, რამდენიმე თვის წინ ააშენა პოპულაციის მართვის ცენტრი. მიმდინარეობს ვარკეთილში არსებული თავშესაფრის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვის პროცესიც. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სააგენტოს ეფექტურობა გაიზარდოს და რაც შეიძლება მეტი ცხოველის სტერილიზაცია მოხდეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამწუხაროდ, ძალიან ხშირია პატრონიანი ცხოველების ქუჩაში დატოვების შემთხვევები, რაც მიუსაფარი ცხოველების სიმრავლის ძირითადი წყაროა.
ჰუმანური მიდგომით, ცხოველების ინტენსიური სტერილიზაციის გზით, დედაქალაქში ქუჩის ცხოველების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია არა მხოლოდ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, არამედ თავად ცხოველებისთვისაც. უახლოეს პერიოდში უნდა მივიდეთ იმ რეალობამდე, რომ აღარ იყოს ცხოველი ქუჩის მძიმე პირობებში და ყველა მათგანს ჰყავდეს პატრონი“,- აღნიშნა კალაძემ.
0
0