05/05/2025
18:33

არანაირად მეგობრული არ არის, არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების საწინააღმდეგო, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „მეგობარ აქტზე“ საუბრისას.
მისი თქმით, ლოგიკით აღნიშნულ აქტს არ უნდა ჰქონდეს ის გაგრძელება, რა სულისკვეთებითაც ის დაიცინირდა.
„თუ მართლაც ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში მეგობარი აქტი იყოს მიღებული, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, თუმცა მისი შინაარსი 180 გრადუსით უნდა შეიცვალოს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
იგი ასევე შეეხო საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ამერიკაში ვიზიტს.
„ეს იყო პირველი კონტაქტი ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სხვადასხვა მიმართულებით. ის პოზიტიური კომპონენტები, რომლებიც ამ ვიზიტს ახლდა როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში მოლაპარაკებების კუთხით, იძლევა, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმის სრულ განცდას, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად სრულიად ალოგიკურად ჩანს ის აქტი, რომელსაც ე.წ. მეგობარი აქტი ჰქვია, რომელიც არანაირად მეგობრული არ არის და არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების საწინააღმდეგო“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
0
0