13/06/2023
14:56
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. საკრებულოს წევრებმა ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, 13 ივნისი ტრაგიკული დღეა თბილისისა და მთელი საქართველოსთვის.
„2015 წლის 13 ივნისი ტრაგიკული დღეა თბილისისა და მთელი საქართველოსთვის. დამანგრეველ სტიქიას ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა, დაიტბორა თბილისის ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ამ ტრაგედიამ გააერთიანა ქართველი ხალხი, განსაკუთრებით დასაფასებელია ახალგაზრდების როლი და სოლიდარობა, რომელიც ამ დღეებში გამოიჩინეს.
მადლობა ყველა მათგანს - მოხალისეებს, მაშველებს, იმ სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
2015 წლის 13 ივნისის მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.
0
0