12/07/2023
15:33
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე წყნეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ფანჩატურში ელექტროენერგია თვითნებურად იყო დაერთებული და ამაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან ნებართვა არ გაცემულა. გიორგი ტყემალაძის თქმით, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.
„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა წყნეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 15 წლის დათუნა ჟღენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მის მეგობრებს. ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა და ამაზე საუბარი ძალიან რთულია. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა კუსტარულად გაყვანილი ელექტროენერგიის სადენს უკავშირდება, რაზეც მუნიციპალიტეტს არანაირი ნებართვა არ ჰქონდა გაცემული. გამოძიება დაწყებულია და ის ყველა ჩვენს კითხვას პასუხს გასცემს. მანამდე კი მინდა მოვუწოდო მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისაგან და დეზინფორმაციის გავრცელებისგან. დარწმუნებული ვარ, გამოძიება ტრაგედიაზე პასუხისმგებელ პირებს უახლოეს მომავალში გამოავლენს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
0
0