
ამერიკიდან საქართველოში უფრო მეტი დელეგაციის ჩამოსვლას ვისურვებდით, ამ ჯგუფის ფორმატი და სტატუსი ჯერ გაურკვეველია და ბუნებრივია, საკითხზე კომენტარის გაკეთება რთულია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უფრო მეტი ამერიკული სამუშაო ჯგუფი გვეწვევა, საქართველო-ამერიკას შორია ურთიერთობას მხოლოდ წაადგება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, კომუნიკაცია მინიმუმზეა დაყვანილი.
„მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფის მანდატი და ფორმატი გახდება ცნობილი, მეტის თქმა მაშინ შეგვეძლება. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, კომუნიკაცია მინიმუმზეა დაყვანილი. ამიტომ, თუ ვინმე ჩამოვა მისასალმებელია, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ჯგუფმა საქართველოდან რაიმე სახარბიელო წაიღოს, რადგან ამერიკას საკმარისი ინფორმაცია აქვს იმ არადემოკრატიულ და ავტოკრატიულ ქმედებებზე, რაც საქართველოშია. არ მგონია, რომ ამერიკა ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდეს. ის, რომ საქართველოში ჯგუფი ჩამოდის, გარკვეულწილად ნიშნავს, რომ ინტერესი არსებობს. საუბარი და დიალოგი ამერიკისთვის ყოველთვის მისაღები ფორმაა. ისინი ყველას ესაუბრებიან, მთავარია, ეს საუბარი რა შედეგს მოიტანს და ქვეყანას რა აქვს სათქმელი ამერიკისთვის და რა იქნება ის გზავნილი, რასაც ამერიკა წარმოადგენს საქართველოს თაობაზე. დიალოგი, საუბარი და დელეგაციების ჩამოსვლა მისასალმებელია“, – განაცხადა შარაშიძემ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის აპრილში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის შეხვედრები.
0
0