
ჩვენ ვერც მადიარს დავეტოლებით, ამის არც სურვილი გვაქვს და არც მოტივაცია. ჩვენს მოსახლეობას თავისი სათქმელი ყველამ თავად უთხრას. უნგრეთი უნგრეთია და საქართველო საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოცდილება გასათვალისწინებელია, ჩვენ მაინც საქართველოში ვცხოვრობთ და იმ პირობებში და იმ მოცემულობაში უნდა ვიშრომოთ, რაც აქ გვაქვს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
ამასთან, შარაშიძის თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი რევოლუციური სცენარი.
„საჭირო თუ გახდა, ჩვენ მზად ვართ გაცილებით ხანგრძლივი, შრომატევადი და მძიმე პოლიტიკური საქმიანობისთვის, ვიდრე ჩვენგან განსხვავებით გარკვეული ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ძალიან სწრაფად სურთ შედეგის მიღება. მათ არ აქვთ არანაირი ნება, ჩაერთონ ისეთივე ხანგრძლივ, მწვავე დაპირისპირებასა და ბრძოლაში, როგორშიც, მაგალითად, ჩვენ ვართ ჩართული. ამ ხანგრძლივ ბრძოლას აქვს ერთი ყველაზე დიდი ღირებულება, ის ემსახურება მშვიდობიან ცვლილებას, ნებისმიერი ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის იდეას. სწორედ აქედან ჩნდება სრულიად უპასუხისმგებლო ბოიკოტის კამპანიები, არჩევნების ბოიკოტს ვგულისხმობ. აღარ ვსაუბრობ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის სცენარებზე და ა.შ. რომლებიც ერთი მხრივ, თითქოს ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან საზოგადოებისთვის არის შეთავაზებული, როგორც მშვიდობიანი ცვლილების ალტერნატივა, მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავთ პირიქით, როგორ აზიანებს ოპოზიციას და როგორ აძლიერებს ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“, რომელიც თავადაც იყო 4 ოქტომბრის ე.წ ფეიკ რევოლუციის წამხალისებელი და პროვოკატორი“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შარაშიძის განმარტებით, რელიგიური ინსტიტუტის პოლიტიკურ მიზნებთან რამენაირად დაკავშირება მისთვის მიუღებელია.
„ეკლესიაზე, რომ ვსაუბრობთ, ჩემთვის საერთოდ გაუგებარი და მიუღებელია, როგორ შეიძლება, წმინდა რელიგიური ინსტიტუტი, ჩვენთვის, ყველასთვის, პირველ რიგში, წმინდა ტაძარი და ჩვენი რწმენის საკითხი, რამენაირად დააკავშირო შენს პოლიტიკურ მიზნებს. ვისთვისაც გასაგებია, ამ თემაზეც საუბრობს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, სულ სხვაა ჩვენი სტრატეგია, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე. თანაც, ამ გამარჯვებას გაცილებით დიდი ფასი ექნება, ვიდრე ნებისმიერ სწრაფ ცვლილებას. როგორც ჩანს, ოპოზიციის ეს ნაწილი ვერ აღიქვამს, არ შეუძლია, წარმოიდგინოს და არ აქვს არანაირი ნება ისეთივე ხანგრძლივი და შრომატევადი ბრძოლის, როგორშიც ჩვენ ვართ ჩართული. ყველას თავისი სტრატეგია აქვს. ჩვენი სტრატეგიაა მშვიდობიანი პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნვა“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
0
0