ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმიდან ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულების, ნიკოლოზ რევაზიშვილის, ვახტანგ ჩიქოვანისა და არჩილ გაგნიძის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი განახლდა.
აღნიშნული ეპიზოდი „ქემრის“ მგზავრების მიერ გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ეხება.
დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. გარდა ამისა, მათ ჯგუფურ ძალადობაშიც აქვთ ბრალი წარდგენილი.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 19 ივნისს რამდენიმე პირმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი მდინარეში გადაადგო. ცხედარი მაშველებმა 2020 წლის 21 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები.
0
0