
მინდა, თქვენ გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ, შემაჯამებელი სახით საზოგადოებას წარვუდგინოთ ინფორმაცია, რათა, თუკი, კვლავ არსებობს სადმე რაიმე კითხვის ნიშნები, მათ ჰქონდეთ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია პირველი წყაროსგან და არა იმ დეზინფორმაციული კამპანიების შედეგად, რომელიც ჩვენ მრავლად ვიხილეთ წინასაარჩევნო პერიოდში, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ცესკო მზაობას აცხადებს იმის თაობაზე, რომ მაღალპროფესიონალურ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განახორციელოს არჩევნების ადმინისტრირება. ამის წინაპირობა გახლავთ ის, რომ მას შემდეგ, რაც ამოიწურა გასული წლის არჩევნების ჩატარების პროცესი და შედგა შემაჯამებელი ოქმი, მეორე დღიდან, შეიძლება ითქვას, ჩვენ დავიწყეთ მზადება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამ განცხადებით გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა მზად ცესკო არჩევნებისთვის და ზოგადად, როგორი იქნება ხვალინდელი დღე.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით ეს არის არჩევნები, რომელიც მსგავსად გასული წლის არჩევნებისა, იდენტური საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, თითქმის იდენტური რაოდენობის საარჩევნო უბნებზე, რაც გულისხმობს ვერიფიცირებას, ხმის დათვლის აპარატების გამოყენებას, ისევე, როგორც სპეციალური პლანშეტების გამოყენებას, რამაც რეალურად, მნიშვნელოვანი პროგრესი მისცა ადმინისტრაციას და საარჩევნო გარემოს. ამასთან, როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, დეზინფორმაციული, უსაფუძვლო ბრალდებების ფონზე, რომელიც გასული წლის არჩევნებიდან დღევანდელ დღემდე მოჰყვება ფონად წინასაარჩევნო გარემოს, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გადაიფარა.
0
0