
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა.
როგორც მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში განმარტა, ელენე ხოშტარიამ მასზე დაკისრებული გირაო არ გადაიხადა, ზარალი არ აქვს ანაზღაურებული და დანაშაულს არ აღიარებს.
„დანაშაულს ადასტურებს ტელეკომპანიისა და დაცვის თანამშრომლის მიერ გადაღებული კადრები. ზიანი ჯამში, 570 ლარს შეადგენს. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბანერის აღდგენა შეუძლებელია. არ არსებობდა სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები. მის მიმართ 16-ჯერ იყო ადმინისტრაციული საქმე წარმოებული და არცერთი დაკისრებული ჯარიმა არ აქვს გადახდილი. ასევე, შეფარდებული ჰქონდა გირაო, რომელიც არ გადაიხადა. ზარალი არ აქვს ანაზღაურებული და დანაშაულს არ აღიარებს“, – განაცხადა გიორგი არევაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სამართალდამცველებმა ხოშტარია 2025 წლის წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის 187-ე მუხლით წარედგინა ბრალი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
შემთხვევა 14 სექტემბერს მოხდა, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სასამართლომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
0
0