20/03/2023
13:45
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარის შესაძლო დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
რაც შეეხება უშუალოდ საკადრო ცვლილებას და მინისტრის დანიშვნას, შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს პრემიერ-მინისტრის პეროგატივაა და სწორედ მან უნდა გამოაცხადოს საკადრო ცვლილების შესახებ.
„პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუციებს. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სიახლეები გააცნოს საზოგადოებას. რაც შეეხება გიორგი ამილახვარს, ის არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება. როგორც ჩვენს გუნდში იყო მთავარი ადამიანი, რომელიც განათლების საკითხებთან დაკავშირებით იყო კომპეტენტური, არა მხოლოდ ჩვენს გუნდში, პარლამენტში ამ მხრივ განსაკუთრებული კომპეტენციის მქონე ადამიანია. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„იმედის კვირის“ ინფორმაციით, სამთავრობო კაბინეტში ცვლილება მოხდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.
0
0