
ოპოზიციის ალიანსში ის პოლიტიკური ჯგუფები შედიან, რომლებიც 4 ოქტომბრის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარის ორგანიზატორები იყვნენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
ფარულავას თქმით, „ოპოზიციის ალიანსი არის პოლიტიკური ერთობა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს“.
„რეალურად ვაფასებთ მოვლენებს, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება. ალიანსში რაც ხდება, „ოცნებას“ ჰკითხეთ, ისინი უფრო უკეთესად, კონკრეტულად გეტყვიან თუნდაც იმ სამოქმედო გეგმებზე, რაც შეიძლება, ალიანსს და მის წარმომადგენლებს ჰქონდეთ. რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ეთერში სუს-ის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა თავად ისაუბრა როგორც ამ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ ადამიანებზე, ასევე 4 ოქტომბრის პროვოკაციულ მოვლენებზე.
წინასწარ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ 4 ოქტომბრის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარი დაგეგმილი იყო „ოცნების“ ოფისში, სუს-ში. ეს თავად აღიარა სუს-იდან გაგდებულმა მდინარაძემ. შესაბამისად, ალიანსში რაც ხდება, ჰკითხეთ „ოცნებას“, სუს-ს. მათ გეგმებზე ისინი უფრო დეტალურად და კონკრეტულად გეტყვიან. ალიანსში ის პოლიტიკური ჯგუფები შედიან, რომლებიც 4 ოქტომბრის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარის ორგანიზატორები იყვნენ და მაშინ „ოცნების“ პოლიტიკას პირდაპირ ხელს უწყობდა. დღესაც ვხედავთ მათ ბევრ ქმედებას, პოლიტიკურ განცხადებას, მათ შორის სააკაშვილის განცხადებას, რომელიც, ბუნებრივია, ხელს უწყობს „ოცნების“ პროპაგანდას. ჩვენდა სამწუხაროდ, ალიანსი არის პოლიტიკური ერთობა, რომელიც „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
0
0