
გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება და მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე 5 აგვისტოს დააკავეს. ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან შესახლებულები, თუმცა, ვიდრე იქ გადაიყვანდნენ, დაკავების შემდეგ, ნია იმნაძე კლინიკაში მოათავსეს, ვინაიდან, სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს წაუყენა. ბრალის მიხედვით, იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან, ანასტასია ბერუაშვილს კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას.
უფრო კონკრეტულად, ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.
0
0