
საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.
ალი ასადოვის თქმით, წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზე არის გადასული.
„მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დინამიკა ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ თვალსაზრისით, აპრილში საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის ვიზიტი, ასევე მაისში თქვენი ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განსაკუთრებულად აღსანიშნავია. აღნიშნული ვიზიტები და გაფორმებული შეთანხმებები ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ შინაარსს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებებით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას. საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ალი ასადოვმა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
„სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება. საქართველო აზერბაიჯანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 40%-ზე მეტად გაიზარდა და გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 1 მლრდ დოლარს მიაღწია. ინვესტიციების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს. აზერბაიჯანი საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს, რაც რიცხვებში დაახლოებით 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ჩვენ მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი რეგიონისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებულ როლს თამაშობს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.
0
0