
მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იმპულსური გადაწყვეტილებები, თუნდაც იმპულსურად ვარცხნილობის შეცვლა და კიდევ ბევრი სხვა რამ, მოულოდნელი არ არის. ეს ყველამ იცის, ვინც მას იცნობს. დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში ვინ აჯობებს, ამ ნიშნით აკეთებს ახლა არჩევანს ორ ქალბატონს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.
„ყოველთვის აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონს უწოდებდა თავს. მის მიმართ გამოხატული პოზიცია, რომ ის არის შუქურა, დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, საკუთარ თავთან მიმართებით რეალობაში აქვს გააზრებული. ასეთი წარმოდგენა აქვს და სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის, მათ შორის, ექსტრემისტული პროცესების განვითარების დროს. მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ პარტიისთვის ნაკლები ძალა გაიღო და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს. დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში ვინ აჯობებს, სააკაშვილი ამ ნიშნით, რაკურსით აკეთებს არჩევანს ორ ქალბატონს შორის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები იქნება ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს. ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი კანდიდატი თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი. მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს“.
0
0