
ლანძღვა-გინება მუდმივად ხდებოდა და სულ ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს“ სივრცეში, მათ შორის ის ადამიანები, ვინც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის გუნდში არიან გაერთიანებული. ეს ჩვეულებრივი ამბავია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, არსებობს ორმაგი სტანდარტი და მუდმივად არსებობდა შიდა დაპირისპირებაც.
„დაპირისპირება ზურაბ ჯაფარიძესთან და მისი მხრიდან „ლელოს“ ლანძღვა ნიშანდობლივია, რადგან ბრიუსელიდან ინსტრუქცია მოაკლდათ იმ გეგმის განსახორციელებლად, სადაც ყველა გაერთიანებულია. საქართველოში დესტაბილიზაცია რჩება მთავარ ამოცანად, თუმცა მსოფლიოში და ევროპაში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა ის, რომ მათ ინსტრუქცია და ფინანსური რესურსი შემოაკლდათ. როგორც კი ინსტრუქტორი ყურადღებას ადუნებს, იმ წუთში იწყება ერთმანეთშიდაპირისპირება. საკმარისია ფულადი და პოლიტიკური რესურსების მობილიზება, რომ ეს ადამიანები საერთო ენას მაშინვე პოულობენ.
ამ შემთხვევაში,ისინი ცდილობენ, იკეკლუცონ ხელმძღვანელების და მმართველების წინაშე, რომლებიც საქართველოს გარეთ სხედან, რათა თავი მოიწონონ როგორც უპირველესმა ძალამ, რომელსაც შეუძლია, მეტი ზარალი მოუტანოს საკუთარ ქვეყანას. ეს შიდა დაპირისპირებები ერთმანეთის მიმართ გაგრძელდება და ყოველთვის იქნება. უფრო ძლიერიც ყოფილა, მაგრამ მთავარია, მათი საერთო ამოცანა არ იცვლება და დამოკიდებულია იმაზე, რა ფინანსურ რესურსს და პოლიტიკურ მხარდაჭერას მიიღებენ ბრიუსელიდან, რომელსაც დღეს მათთვის არ სცალია. მობილიზებული და ორიენტირებული არიან იმაზე, როგორ განავითარონ რუსეთთან მოლაპარაკებები და ურთიერთობები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა: „კოლეგები სხვანაირად იყვნენ განწყობილი გირაოს იდეაზე, ლანძღავდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძეს, როგორ იხდიან გირაოს, ეს სისტემასთან გარიგებააო, მაგრამ გირაო აღმოჩნდა ბრძოლისთვის აუცილებელი წინაპირობა“.
0
0