
მიშა, მოდი, მეხსიერებებით ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს. 2008 წლის იანვარში მე ხმის პარალელური დათვლის კომისიის თავმჯდომარე არ ვყოფილვარ, ვიყავი ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ეგზიტ-პოლისა. ოღონდ შედეგის გამოცხადება მე „შემეტენა“, რის გამოც საქართველოს საკმაოდ დიდმა ნაწილმა შემიძულა,- ასე პასუხობს პოლიტოლოგი, გია ნოდია, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც მან გია ნოდიას მიერ ტელეეთერში გაჟღერებულ განცხადებას მიუძღვნა: „მე არ ვამბობ, რომ ყველა ვინც გვყავდა დიქტატორი იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიული ლიდერი არცერთს არ ეთქმოდა“.
გია ნოდიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვერ იქნებოდა სრულფასოვანი დემოკრატია, რამდენადაც მართვის სადავეები სრულად ერთი პარტიის ხელში იყო, რომელიც ერთი კაცის გარშემო არსებობდა.
“მიშა, მოდი, მეხსიერებებით ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს. 2008 წლის იანვარში მე ხმის პარალელური დათვლის კომისიის თავმჯდომარე არ ვყოფილვარ, ვიყავი ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ეგზიტ-პოლისა. ოღონდ შედეგის გამოცხადება მე „შემეტენა“, რის გამოც საქართველოს საკმაოდ დიდმა ნაწილმა შემიძულა.
საბრალო არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. არც შენ მეცოდები მხოლოდ იმიტომ, რომ ციხეში ზიხარ - არსებითად, ამ პირობებში შენ აირჩიე ციხეში ყოფნა და იქიდან ბრძოლა. ეს პატივისცემას და არა სიბრალულს იმსახურებს (გეთანხმები თუ არა ამ არჩევანში, სხვა საკითხია).
ამ მონაკვეთში დიქტატორი შენთვის არ მიწოდებია, როგორც შეამჩნევდი, თუმცა ის ფრაზა კი ვთქვი, რომ „დემოკრატიული ლიდერი არც ერთს არ ეთქმოდა“. მესმის, ამ ფრაზის პიროვნულად მიღებაც შეგეძლო, მაგრამ მე ეს პიროვნულად არ მიგულისხმია. შესაძლოა, უფრო ზუსტი უნდა ვყოფილვიყავი - ახლა შევეცდები.
პრობლემა ისაა, რომ ჩვენში ჰგონიათ, თითქოს დემოკრატია ლიდერის ნებიდან მოდის: მოინდომებს „ჭეშმარიტი დემოკრატი“ ლიდერი დემოკრატიას და ჰოპლა - დემოკრატია გავხდით. ეს შეცდომაა, რომელსაც გარდუვალად შობს ყალბ მოლოდინებს და მერე იმედგაცრუებას.
დემოკრატია ინსტიტუტების სისტემაა და პოლიტიკური კულტურაა. ნაციონალური მოძრაობის დროს ვერ იქნებოდა სრულფასოვანი დემოკრატია, იმიტომ რომ ძალაუფლება მონოპოლიზებული ჰქონდა ერთ პარტიას, ხოლო ეს ერთი პარტია ერთი კაცის გარშემო არსებობდა. არც ინსტიტუციური და არც სოციალური საპირწონე არ იყო (ეკლესიის გამოკლებით, მაგრამ ის დემოკრატიულ საპირწონედ ვერ გამოდგებოდა). ოპოზიცია ერთი ცნობილი ქველმოქმედის გამოჩენამდე კიდევ უფრო სუსტი იყო, ვიდრე ახლაა.
ამ პირობებში, მიშა სააკაშვილი „ჭეშმარიტი დემოკრატი“ იყო თუ არც მთლად დემოკრატი, მეორეხარისხოვანი საკითხია. სისტემა ვერ იყო დემოკრატიული და ამას იდეალური მიშაც ვერ შეცვლიდა (თუმცა იდეალური არ ყოფილხარ).
ასევე, მე მჯერა, რომ 2008 წლის იანვარში არჩევნები მართლა მოიგე, მაგრამ ეს საქმის ვითარებას არსებითად არ ცვლის,”- წერს გია ნოდია.
0
0