
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 108-ე წლისთავს ულოცავს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
როგორც მილოცვაშია აღნიშნული, 1918 წლის 26 მაისი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია - დღე, როდესაც ქართველმა ერმა თავისუფლების, ეროვნული თვითმყოფადობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების მკაფიო განაცხადი გააკეთა და ღირსეულად დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მტკიცე საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებს.
„26 მაისი თითოეული ქართველისთვის ეროვნული სიამაყის, თავისუფლებისა და უდიდესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის დღეა. ეს არის ისტორიული თარიღი, რომელიც ჩვენი ერის ურყევი ნების, დამოუკიდებლობისკენ განუწყვეტელი სწრაფვის, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მომავლის მტკიცე რწმენის სიმბოლოდ იქცა.
დღეს, უპირველეს ყოვლისა, უდიდეს პატივს მივაგებთ წინაპრებს - 26 მაისმა შექმნა საძირკველი, რომელზეც საქართველოს აწმყო და მომავალი შენდება. ჩვენი ვალია მომავალ თაობებს გადავცეთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და მათ მამულიშვილობისა და ქვეყნის სამსახურის ღირსეული მაგალითი ვუჩვენოთ.
თანამედროვე, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში დამოუკიდებლობის მოპოვებაზე არანაკლებ რთული მისი შენარჩუნება და განმტკიცებაა. ამ გზაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მმართველი პარტიის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვისკენ. სწორედ სტაბილური და მშვიდობიანი გარემოა ის საძირკველი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას, ეკონომიკურ წინსვლასა და მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება, სამეცნიერო პროგრესი და ძლიერი, წარმატებული სახელმწიფოს შენება.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენი ქვეყნის სიყვარული, წინაპრებისადმი პატივისცემა და მომავლის რწმენა გვაერთიანებდეს და გვაძლიერებდეს უკეთესი ხვალინდელი დღის შესაქმნელად.
მშვიდობა, ერთიანობა და წინსვლა ჩვენს სამშობლოს!“, - აღნიშნულია მილოცვაში.
0
0