
სახელმწიფო ღალატის და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ამ წუთებში პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი კობა ლიკლიკაძე.
ლიკლიკაძის განცხადებით, მას არ გაუგია, რომ ქართველებს ტყვეები დაეხვრიტათ. ლიკლიკაძის განცხადებით, გიორგი ბარამიძის განცხადების სიმძიმეზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც მეტყველებს.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, სადაც მან ქართველ მეომრებს ტყვეების დახვრეტაში დასდო ბრალი, მათი ქმედებები რუსული დისციპლინის გავლენით ახსნა და განსაკუთრებით ვეტერანები გააღიზიანა. საქმის გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულმა მოწმეებმა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი სიცრუეში დაადანაშაულეს, მის განცხადებას მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდეს და ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. თუმცა თავად ბარამიძე თვლის, რომ კონტექსტი დაუმახინჯეს და მის წინააღმდეგ საქმეში რეალურად პოლიტიკური მოტივები დევს.
0
0