
ღაზაში მიმდინარე ომის პროტესტის ნიშნად, აქტივისტებმა ბორნმუთის პლაჟზე, 5 კმ სიგრძეზე, ძველი საბავშვო ტანსაცმელი გამოფინეს. მოძრაობა Led By Donkeys-ის აქტივისტების განცხადებით, ისინი 7 სექტემბრიდან სანაპიროზე 11000-ზე მეტ წყვილ ტანსაცმელს აწყობენ, რაც, მათი განმარტებით, კონფლიქტის ორივე მხარეს დაღუპულ ბავშვებს განასახიერებს. 80-წევრიან გუნდს სანაპიროზე ტანსაცმლის მოსათავსებლად 5 საათი დასჭირდა.
ისრაელმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის, მათ შორის ევაკუაციის ბრძანებების გაცემის, თავიდან აცილებას ცდილობს, თუმცა პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, 11500-ზე მეტი დაღუპული 18 წელს ქვემოთაა.
Led By Donkeys-მ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს მიმართა, რომ კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს.
„ყველა ბავშვი უდანაშაულოა, პალესტინელიც და ისრაელელიც. ჩვენი პროტესტის გამოხატულებით, ვცდილობთ, გადმოგცეთ სისხლისღვრის მასშტაბები. ეს უნდა იყოს გამაფრთხილებელი სიგნალი ყველა ჩვენგანისთვის. თითოეული ტანსაცმელი დაკარგულ სიცოცხლეს ნიშნავს, რაც ძალიან სამწუხარო და შოკისმომგვრელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქტივისტები პლაჟზე გაფენილი ტანსაცმლის გასუფთავებას და შემდეგ საქველმოქმედო და მეორად მაღაზიებში მათ დარიგებას გეგმავენ.
როგორც ცნობილია, Brexit-ის საწინააღმდეგო მოძრაობა Led By Donkeys-ი 2018 წელს დაფუძნდა.
0
0