29/12/2023
13:05
მსოფლიო
,,ჰამასის“ ტყვეობისგან გათავისუფლებულმა ისრაელელმა მძევალმა ჩენ ალმოგ-გოლდშტეინმა სამ შვილთან ერთად შეიარაღებული პირების ტყვეობაში გატარებული 51 დღის შესახებ ისაუბრა:
როგორც ჩენ ალმოგ-გოლდშტეინმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს, მან თავად დაინახა, თუ როგორ მოკლეს „ჰამასის“ მებრძოლებმა მისი ქმარი და უფროსი ქალიშვილი.
”მეუღლისა და ქალიშვილის მოკვლის შემდეგ, მე და ჩემი სამი შვილი სასწრაფოდ გადაგვიყვანეს საზღვარზე. მათ (ბოევიკებს) აღიზიანებდათ ჩვენი ტირილი. 7 წუთში ღაზაში ვიყავით. პირველი და ბოლო ღამე მიწისქვეშა გვირაბში გავატარეთ, ნოემბერში კი, ომის დაწყებიდან 7 კვირის შემდეგ, ტყვეთა გაცვლის დროს გაგვათავისუფლეს.
საკვები და წყალი ზოგჯერ შეზღუდული რაოდენობით მოგვეწოდებოდა. სანიტარული პირობები საშინელი იყო. ერთ-ერთ სამალავში სხვა ტყვე ქალებთან ერთად მოგვათავსეს. გამტაცებლებმა ზოგიერთ მძევალს ფიზიკური და სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს. ქალებსაც და კაცებსაც სცემდნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში ხელბორკილებს ადებდნენ.
იქ ჯოჯოხეთი ტრიალებს,” - განუცხადა Reuters-ს ალმოგ-გოლდშტეინმა. როგორც ცნობილია, ,,ჰამასი“ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს. ამჟამად, ალმოგ-გოლდშტეინი უსახლკაროდ არის დარჩენილი, რადგან კიბუცში მისი საცხოვრებელი სახლი ,,ჰამასმა“ გაანადგურა.
0
0