ამპუტირებული სხეულის ნაწილების მქონე ბავშვების თაობა ჩნდება ღაზაში, რომელიც ისრაელმა ,,ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებულ სასიკვდილო თავდასხმების საპასუხოდ დაბომბა.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ისინი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მინიმუმამდე შემცირებაზე მუშაობენ. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, ,,ჰამასის“ სტრატეგია „სამოქალაქო კონსტრუქციების ტერორისტული მიზნებისთვის გამოყენებაა“, თუმცა ამპუტირებული სხეულის ნაწილების მქონე ბავშვების შესახებ კონკრეტული კომენტარი არ გაკეთებულა.
ექიმებისა და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების ინფორმაციით, ღაზას დარღვეული სამედიცინო სისტემა ამპუტირებული სხეულის ნაწილების მქონე ბავშვებს შემდგომი სათანადო სამედიცინო დახმარებით ვერ უზრუნველყოფს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ღაზაში კონფლიქტამდელ მედიკოსთა მხოლოდ 30% მუშაობს.
UNICEF-ის თანახმად, ნოემბრის ბოლომდე 1000-ზე მეტ ბავშვს დასჭირდა ფეხის ამპუტაცია. ღაზას ჯანდაცვის ორგანოები ამბობენ, რომ დაშავებულთა თითქმის მეოთხედი ბავშვია.
,,არასაკმარისი ჰიგიენა და მედიკამენტების დეფიციტი არსებული ჭრილობების უფრო მეტ გართულებას იწვევს. ზოგიერთ ბავშვს შეუნარჩუნდა კიდურები, თუმცა ისინი შეიძლება დაიღუპონ გრძელვადიანი გართულებების გამო. ტკივილგამაყუჩებლების მარაგიც კი, რომლებიც ქრონიკული ტკივილის მქონე ბავშვებს ეხმარება, იწურება. გაუსაძლის ტკივილებთან ერთად, მათ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. ისინი თავს არასრულყოფილად გრძნობენ", - განუცხადა Reuters-ს ბრიტანელმა ექიმმა კრის ჰუკმა.
,,ასეთ დროს ამპუტაცია ერთადერთი არჩევანია, რადგან დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში ტრავმის მიყენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გადაჰყავთ. ომის შედეგად დასახიჩრებულ ბავშვებს სრულწლოვანებამდე კიდურებზე ათამდე ოპერაცია დასჭირდებათ, რადგან ძვალი მუდმივად იზრდება,“ - ამბობენ ექსპერტებ ი.
როგორც Reuters-ი წერს, ,,ღაზაში ჯერ კიდევ კონფლიქტამდე იყო სისხლძარღვთა და პლასტიკური ქირურგების დეფიციტი. პალესტინის ჯანდაცვის ორგანოების განცხადებით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ 300-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკი დაიღუპა.’’
0
0