
2024 წლის ნოემბრიდან ივლისამდე გერმანიაში ოფიციალურად შეიცვალა სქესი 22 000-მა ადამიანმა, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
2024 წლის ნოემბრიდან გერმანიის მოქალაქეებს შეუძლიათ, შეცვალონ დაბადებისას განსაზღვრული სქესი და ასევე სახელი, საჯარო რეესტრში უბრალო განაცხადის შეტანით.
ამასთან, ხელმისაწვდომი კატეგორიებია „მამაკაცი“, „ქალი“, „მრავალფეროვანი (Diverse)“ და „სპეციფიკაციის გარეშე“.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში სქესის დოკუმენტურად ცვლილება ისედაც შესაძლებელი იყო, „თვითგამორკვევის შესახებ კანონი”, რომელიც კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობამ მიიღო, მნიშვნელოვნად ამარტივებს ამ პროცედურას.
ახალი კანონით გაუქმდა ტრანსსექსუალობის შესახებ სადავო აქტი, რომლის მიხედვითაც, მათ ვისაც სურდათ ოფიციალურად შეეცვალათ სქესი და სახელი უნდა გაევლოთ ხანგრძლივი და ძვირად ღირებული იურიდიული პროცესი, რაც მოიცავდა მათ შორის სამედიცინო ექსპერტების შეფასებას.
გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, რომელიც მოიცავს 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ივლისამდე პერიოდს, ახალი წესების ამოქმედების პირველ თვეში სულ 7 057-მა ადამიანმა შეცვალა ჩანაწერი საჯარო რეესტრში.
შემდგომ თვეებში ეს რიცხვები შემცირდა: დეკემბერში ცვლილება შეიტანა 2 936 მოქალაქემ, ხოლო ივლისში – 1 244-მა.
ცნობისთვის, საკანონმდებლო რეფორმამდე, ათთვიან პერიოდში მსგავსი ცვლილება მთელ ქვეყანაში მხოლოდ 596 მოქალაქემ განახორციელა.
0
0