
„გერმანული დასკვნა“ თავისი არსით წარმოადგენს ძალიან სუსტ ე.წ მტკიცებულებას დაცვის მხარისათვის. თავისი შინაარსით იგი არ არის კატეგორიული და შესაბამისად, „ქართული დასკვნის“ (იგულისხმება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა) საპირწონედ ვერ გამოდგება, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე, რითაც „TV პირველის“ ეთერში 2025 წლის 22 თებერვალს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის დამატებით განმარტებებს აკეთებს.
„უფრო ნათელი რომ გახდეს საზოგადოებისთვის თუ რა იგულისხმება, აქვე წარმოგიდგენთ ამ დოკუმენტის ,,შეჯამებიდან“ რამოდენიმე ამონარიდს: 1) „...სპექტრული ანალიზის შედეგად, აუდიოფაილში... გამოვლინდა რამდენიმე მონაკვეთი, რომელიც შესაძლო რედაქტირებაზე მიუთითებს; ... ეს პაუზა საჭიროებს კომუნიკაციის შინაარსობრივი (ანუ ლინგვისტური ანალიზი, რაც არ განხორციელებულა იმ მარტივი გარემოების გამო, რომ გერმანელმა ექსპერტმა არ იცის ქართული ენა) ანალიზის დამატებით შესწავლას, რათა აუდიოჩანაწერის შესაძლო რედაქტირება საბოლოოდ გამოირიცხოს...“; 2) „...არ არსებობს პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ ეს დრო (იგულისხმება აუდიოფაილის შექმნის დრო) აღნიშნავს საქართველოს დროის ზონას, რადგან შესაბამისი ჩაწერის მოწყობილობა კვლევის ობიექტს არ წარმოადგენდა. გარდა ამისა, არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი ინფორმაცია მოწყობილობის ტიპისა და მისი დროის პარამეტრების შესახებ, რაც ზუსტი დროის დადასტურებას შეუძლებელს ხდის“; 3)„...ზოგიერთ მონაკვეთში (აუდიოჩანაწერში) მესამე პირის არსებობა გამორიცხული არ არის... დამატებითი ანალიზი და კომუნიკაციის შინაარსის (ანუ ლინგვისტური ანალიზი, რაც არ განხორციელებულა იმ მარტივი გარემოების გამო, რომ გერმანელმა ექსპერტმა არ იცის ქართული ენა) განხილვა საჭიროა ზუსტი დასკვნის გასაკეთებლად“, - აღნიშნავს ადვოკატი.
0
0