
უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 142-მა დეპუტატმა, 28 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ოთხმა თავი შეიკავა.
რეზოლუციის მიხედვით, უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რის მიზეზადაც ომსა და ქვეყნის მიერ წევრობის კრიტერიუმების შეუსრულებლობას ასახელებს.
ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს უნგრეთის მთავრობას, არ დაუჭიროს მხარი უკრაინის ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყებას.
რეზოლუციის ავტორები აცხადებენ, რომ ევროკავშირის მომდევნო შვიდი წლის ბიუჯეტში უკრაინის დაფინანსების წილი შეიძლება, 360 მილიარდ ევროს აღემატებოდეს და ეს ბლოკის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების შემცირებას გამოიწვევს.
დოკუმენტში ასევე ნახსენებია უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც, ავტორების გათვლებით, სავარაუდოდ, თითოეულ უნგრულ ოჯახს თითქმის 1.4 მილიონი ფორინტი (3 600 ევრო) დაუჯდება.
რეზოლუცია მიესალმება მთავრობის მოთხოვნას, ჩაატაროს საჯარო კონსულტაცია უკრაინის შემდგომი დაფინანსების შესახებ ეროვნული პეტიციის სახით.
0
0