
გერმანიის განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჩემ ოზდემირი, რომელმაც საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობა შეაჩერა, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის აქტიური მხარდამჭერია.
ინტერნეტში, ღია წყაროებში უხვადაა მასალა, საიდანაც ირკვევა, რომ ოზდემირი აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეას უჭერს მხარს და ამტკიცებს, რომ ის საქართველოს იურისდიქციას არ უნდა დაუბრუნდეს.
2008 წლის ოქტომბერში, როცა საქართველოში ომის დასრულებიდან და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებიდან რამდენიმე თვე იყო გასული, ოზდემირმა, რომელიც იმ დროს გერმანიის მემარცხენე ლიბერალური „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელი და ევროპარლამენტის წევრი იყო, ევროპარლამენტში აფხაზეთის დელეგაციას უმასპინძლა და მოსმენა გამართა.
„აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას არასდროს დათანხმდება და ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ მის დამოუკიდებლობას აღიარებენ და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართავენ“, - აცხადებდნენ აფხაზური სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები ოზდემირის მიერ გამართულ ღონისძიებაზე ევროპარლამენტში.
2012 წელს ერთ-ერთ აფხაზურ ვებ-გვერდზე ოზდემირისა და რამდენიმე ქართველის, მათ შორის გია ნოდიას, ირაკლი კაკაბაძისა და უჩა ნანუაშვილის თანაავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომელიც აფხაზეთში ომის დაწყების 20 წლისთავს ეძღვნებოდა. სტატიაში წერია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც ომის დაწყების დროს საქართველოს სახელმწიფოს საბჭოს ხელმძღვანელობდა, აღიარა, რომ ომი „ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო“, საქართველოს ამ შეცდომების გამოსასწორებლად არაფერი გაუკეთებია, პირიქით, ის უხეში შეცდომების დაშვებას აგრძელებდა“.
რუსეთის ქალაქ სოჭში 2014 წლის ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე ოზდემირმა კვლავ აფხაზურ საიტზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდა: „იმედი მაქვს, რომ აფხაზეთის ხალხი იპოვის საშუალებას იცხოვროს კეთილმეზობლურ პირობებში საქართველოსთან და რუსეთთან, რაც მათ დაეხმარებათ მონახონ საბოლოო გადაწყვეტილება სტატუსის შესახებ, რომელიც რეგიონში ყველასთვის მისაღები იქნება“.
0
0