
გერმანიის ფინანსთა მინისტრი მხარს უჭერს ემანუელ მაკრონის წინადადებას, გამოიყენონ საპასუხო ზომები იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მხრიდან გრენლანდიის საკითხის გამო ახალი ტარიფები დაწესდება.
ლარს კლინგბეილმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა მოამზადოს ევროპული ინსტრუმენტების ნაკრები, ე.წ. სავაჭრო „ბაზუკა“, რათა მზად იყოს რეაგირებისთვის, თუ ტრამპი ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ გრენლანდიის საკითხის გამო ახალ ტარიფებს დააწესებს.
„არსებობს იურიდიულად დადგენილი ევროპული ინსტრუმენტების ნაკრები ეკონომიკურ შანტაჟზე ძალიან მგრძნობიარე ზომებით რეაგირებისთვის. ახლა ჩვენ უნდა განვიხილოთ ამ ზომების გამოყენება. ყველაფერი ახლა უნდა იყოს მომზადებული. ჩვენ მზად ვართ გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ხელს ვუწვდით, მაგრამ არ ვართ მზად შანტაჟისთვის“, – განაცხადა კლინგბეილმა.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროკავშირს სთხოვს, გაააქტიუროს თავისი იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი, იგივე ევროკავშირის სავაჭრო „ბაზუკა“ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მხრიდან გრენლანდიის საკითხის გამო ახალი ტარიფები დაწესდება.
ე.წ „ბაზუკა“, რომელიც ეკონომიკური ზომების საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, ევროკავშირმა 2023 წელს დაამტკიცა, მაგრამ არასდროს გამოუყენებიათ. როგორც მედია იუწყება, ის ბრიუსელის ყველაზე ძლიერი სავაჭრო იარაღია – კომისიას საშუალებას აძლევს, დააწესოს სანქციები არა მხოლოდ საქონელზე, არამედ მომსახურებაზეც. ეს ინსტრუმენტი ითვალისწინებს ფართო კონტრზომებს, მათ შორის ინვესტიციების შეზღუდვას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაუქმებას, კომპანიების ლიცენზიების შეჩერებას და ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებზე წვდომის აკრძალვას. მისი გააქტიურებისთვის საჭიროა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა – ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 15-ის, რაც ევროკავშირის მოსახლეობის, სულ მცირე, 65%-ს წარმოადგენს.
0
0