
ნატოს საჰაერო ბაზაზე უსაფრთხოების დონე, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე, 22 აგვისტოს, ღამით, „ჩარლი“-ს დონემდე ამაღლდა, რომელიც განგაშის ოთხ დონეს შორის მეორეა. დონე „ჩარლი“-მდე უსაფრთხოების გაძლიერება ნიშნავს, რომ „ინციდენტი მოხდა ან მიღებულია დაზვერვის ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ნატოს ორგანიზაციების ან პერსონალის წინააღმდეგ რაიმე სახის ტერორისტული აქტის განხორციელება ძალიან სავარაუდოა“.
„გერმანიის ქალაქ გეილენკირხენში განთავსებული ნატოს საჰაერო ბაზა მაღალ მზადყოფნაში რჩება. ბაზაზე უსაფრთხოება „ჩარლი“-ს დონემდე გავაძლიერეთ. ბაზაზე, რომელშიც განთავსებულია ნატოს AWACS-ის სათვალთვალო თვითმფრინავების ფლოტი, პრევენციული ოპერაციების გეგმის ფარგლებში, მინიმალური პერსონალი მუშაობს. უსაფრთხოების გაძლიერება არ უკავშირდება გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს, როდესაც კიოლნში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე სასმელი წყლის მოწამვლის ეჭვი გაჩნდა”, - განუცხადა Reuters-ს ბაზის სპიკერმა.
მოგვიანებით, გერმანელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ შემოწმების შედეგების თანახმად, ონკანის წყალი არ იყო დაბინძურებული.
ივნისში, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლურ სამხედრო ალიანსის მიმართ მოწყობილი ბოლო დივერსიული აქტები და კობერთავდასხმები რუსული დაზვერვის გააქტიურების შედეგი იყო. ანალიტიკოსებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ბოლო წლების განმავლობაში ნატოს ტერიტორიაზე მომხდარი რამდენიმე ინციდენტი, მათ შორის 2022 წელს სასიცოცხლო მნიშვნელობის წყალქვეშა კაბელის გაწყვეტა, რომელიც სვალბარდს ნორვეგიასთან აკავშირებს.
0
0