07/12/2022
13:27
მსოფლიო
გერმანიაში, ერთდროულად, თერთმეტ ფედერალურ შტატში პოლიციის სპეცრაზმი სპეცოპერაციას ატარებს მემარჯვენე ექსტრემისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც გეგმავდა პოლიტიკოსების გატაცებას და ბუნდესტაგში არეულობის მოწყობას. ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel-ისთვის გახდა ცნობილი.
სამართალდამცავებმა დააკავეს 25 მამაკაცი და ქალი, რომლებიც, სავარაუდოდ, მიეკუთვნებოდნენ, ან მხარს უჭერდნენ მემარჯვენე ტერორისტულ ორგანიზაციას.
ჩხრეკა მიმდინარეობს 130-ზე მეტ ბინაში, ოფისსა და საწყობში. სულ 52 ეჭვმიტანილზე მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ან მხარდაჭერის ბრალდებით.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია ექსტრემისტების წინააღმდეგ გერმანიაში. გამოცემასთან ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ ოპერაციის მიმდინარეობაზე ინფორმაცია დაადასტურა.
ოთხშაბათს დილიდან 3000-ზე მეტი პოლიციელია ჩართული ბადენ-ვიურტემბერგში ბავარიაში, საქსონიაში, ჰესესა და ტურინგიაში. ოფიცრები ასევე გაგზავნეს ავსტრიასა და იტალიაში.
ცნობისთვის, 2 დეკემბერს გერმანიის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს გაფრთხილება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დივერსიის საფრთხის შესახებ.
0
0