14/06/2023
16:32
პოლიტიკა
გერმანიამ პირველად მიიღო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზეც არის საუბარი.
76-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი ამოცანაა იმის გარანტიის შექმნა, რომ გერმანიამ გააგრძელოს ცხოვრება მშვიდობიანად და თავისუფლად.
„ამისთვის ჩვენ ურყევად ვართ ერთგულები ნატო-სა და ევროკავშირის და ვაძლიერებთ ბუნდესვერს, რათა მან მისი მთავარი მისია შეასრულოს, რაც წარმოადგენს ქვეყნისა და ალიანსის დაცვას“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.
სტრატეგიაში საუბარია გერმანიის განზრახვაზე, გაზარდოს სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იან ნიშნულამდე, ხოლო ბუნდესვერი დასახელებულია ევროპაში კონვენციური თავდაცვითი ძალების საფუძვლად.
დოკუმენტში ასევე საუბარია ევროკავშირის გაფართოებაზე და ამ კონტექსტში ნახსენებია უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი წევრობა.
„ჩვენს მიზნად რჩება მშვიდობიანი, თავისუფალი და ერთიანი ევროპა. ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირი იყოს გეოპოლიტიკური მოთამაშე, რათა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი მომავალი თაობებისთვის. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ ინტეგრაციას, ერთიანობასა და გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების, უკრაინის, მოლდოვისა და პერსპექტივაში საქართველოს მიღების გზით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ ევროკავშირის გაფართოების მოსამზადებლად აუცილებელია ევროკავშირის შიგნით რეფორმების გატარება.
„ჩვენი უსაფრთხოება დაკავშირებულია სხვა რეგიონების სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინისთვის მთავარი საფრთხე დღეს რუსეთიდან მოდის. მისივე თქმით, ეს საფრთხე შენარჩუნდება უახლოეს მომავალშიც.
გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ასევე საუბარია ჩინეთზე, რომელიც, დოკუმენტის მიხედვით, ევროპის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და აგრესიულად ამტკიცებს აზიის რეგიონში საკუთარ უპირატესობას და ემუქრება საერთაშორისო უსაფრთხოებას.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024