17/12/2022
12:09
პოლიტიკა
საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე, როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგო რესურსების მიწოდების კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუქარესტში მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხარეს ისტორიული ღონისძიების მასპინძლობისთვის და ევრო კომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში პროექტის მხარდაჭერისთვის.
„არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგო უსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე როგორც ზღვაზე-წვდომის-არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ; რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგო რესურსების მიწოდების კონტექსტში. ამიტომ, უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციეთ დაკავშირებადობა და განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად. ენერგიის, ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს. ეს სექტორები შესაბამისობაში მოგვყავს ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან, ისევე როგორც იმ ვალდებულებებთან, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, საერთო საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ფარგლებში ვიკისრეთ. ევროპის ძირითადი სატრანსპორტო ქსელის გაფართოება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს გვთავაზობს ისეთი სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ეროვნული და ფართო რეგიონულ მნიშვნელობას ფლობს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ამ წუთებში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს.
0
0