
„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, გენერალური პროკურორის არჩევის წესი იცვლება. პარლამენტში ცვლილებების ინიცირება მომავალ კვირას მოხდება, პროექტის განხილვა კი, დაჩქარებული წესით წარიმართება.
ცვლილებების მიხედვით, გენერალური პროკურორის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვის, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის კანდიდატის პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესს დაუყოვნებლივ იწყებს, რომელიც ერთი კვირის ვადაში დასრულდება. პროექტის თანახმად, გენერალური პროკურორის კანდიდატის დასახელების უფლება ექნება, საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს, რომელსაც უფლება ექნება, მხოლოდ ერთი კანდიდატი დაასახელოს. ამის შემდეგ, პროცედურის მიხედვით, გენერალური პროკურორის კანდიდატს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ეყრება. კენჭისყრა ღია იქნება, კანდიდატი მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემდგენლობის უმრავლესობა.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ წარდგენის პროცესში, ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა დაიწყება. თუ ორი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა დაიწყება. თუ ორზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მეორე ტური გაიმართება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს არანაკლებ სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო ერთი კვირის ვადაში ამ მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესით, კანდიდატის წარდგენის პროცედურას ხელახლა დაიწყებს. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი საჭირო რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტი იქნება საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭო მხარდაჭერილ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. თუ წარდგენილმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, საპროკურორო საბჭო ამ მუხლის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით გათვალისწინებული წესით, კანდიდატის წარდგენის პროცედურას ხელახლა დაიწყებს.
დღეს მოქმედი კანონით, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის კანდიდატს კონსულტაციების საფუძველზე ერთი თვის ვადაში არჩევდა, რომელსაც პარლამენტს წარუდგენდა.
გენერალური პროკურორის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
0
0