15/07/2023
09:56
საზოგადოება
გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ინფორმაციას საზოგადოებას დღეს წარუდგენენ.
გელათის ტერიტორიაზე ბრიფინგს, რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო საბჭოსა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები 13:00 საათზე გამართავენ.
მანამდე კი, გუშინ, 14 ივლისს, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ:
📣 ინფორმაცია გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე აქტიური სამუშაოების შესახებ
🔸 საქართველოს საპატრიარქოს მიერ შექმნილი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ხელმძღვანელობით, გელათის სამონასტრო კომპლექსში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
🔸 გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია. საბჭოს წევრები ადგილზე ეცნობიან სიტუაციას და მიმდინარე საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.
🔸 მისიის ფარგლებში მოწვეულნი არიან იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც დარგის წამყვან ინსტიტუციებს წარმოადგენენ და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არაერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლზე წარმატებით მუშაობის გამოცდილება აქვთ.
🔸 გელათში ამჟამად მუშაობს კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი, რომელიც ახორციელებს კედლის მხატვრობის ტექნოლოგიურ კვლევას, ამზადებს მხატვრობის ტექნოლოგიის ვიზუალური ლექსიკონს, ხდება ძეგლზე არსებული პრობლემების დეტალური აღწერა.
🔸 არსებული მდგომარეობის დოკუმენტაცია უკვე წარედგინა საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობის ინსპექტირებას ახდენენ. შეგროვებული მასალის საფუძველზე მოხდება კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებებს განსაზღვრა.
🔸 საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხედვა და შემუშავებული მიდგომები გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს და მისი სათათბირო ორგანოების, ეროვნულ სამეცნიერო საბჭოსა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე იქნება განხილული.
🔸 ზემოხსენებული ინსპექტირების სამუშაოების დასრულებისთანავე, 2023 წლის 15 ივლისს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები სამეცნიერო დისკუსიას, მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
🔸 გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მოწვევით სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს მრავალდარგობრივი ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს. მათ შორის არიან:
▪️ სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე
- კედლის მხატვრობის კონსერვატორები,
დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ გეტის კონსერვაციის ინსტიტუტის, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის, ინგლისის ეროვნული ფონდის, ინგლისის მემკვიდრეობასთან და საეკლესიო ნაგებობათა საბჭოსთან;
▪️ სტეფან სიმონი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის ექსპერტი, მეცნიერი, მკვლევარი,
ბერლინის ეროვნული მუზეუმების
რათგენის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი, იელის უნივერსიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ინსტიტუტის (IPCH) დამფუძნებელი;
▪️ გერჰარდ ვოლფი - ხელოვნების ისტორიკოსი, მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი;
▪️ სტივენ კელი - არქიტექტორი და ნაგებობათა კონსტრუქციების ინჟინერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და კონსერვაციაში, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტი;
▪️ რობერტო ნარდი - მოზაიკის კონსერვატორი, რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრი, მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი;
▪️ ანდრეინა კოსტანცი კობაუ -
მოზაიკისა და კედლის მხატვრობის
რესტავრატორი, რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრი.
0
0