
გეგმის შექმნაზე სუს-იც მუშაობდა, მათი ანალიტიკურიც და შსს-ც - ამ ღონისძიებამდე დაახლოებით, 3 კვირით ადრე, EUMM წარმომადგენლებს შსს-ს შენობაში გავაცანით ყველა ინფორმაცია, კონკრეტული კოორდინატები და საგუშაგოების რაოდენობა - იგივე კოორდინატები გავუზიარე მაშინდელი სუს-ის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, საგუშაგოს მოწყობა პატრულირების აღსადგენად იყო საჭირო.
ამასთან, გახარიამ განაცხადა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის შემდეგ, 2019 წლის 2 სექტემბერს, ცხინვალის რეჟიმის ე.წ. გენერალურ პროკურატურაში დაიწყო ზუსტად ის გამოძიება, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა აგრძელებს.
მისივე განცხადებით, 2019 წლის სექტემბერშივე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. პარლამენტში შექმნა ზუსტად ისეთი კომისია, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტს აქვს შექმნილი.
„რაც შეეხება ინფორმაციის დამუშავებას - ეს ინფორმაცია არ დაწყებულა 1 ან 2 კვირით ადრე. ეს პროცესი დაიწყო 2018 წლის ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში, რომელშიც ყველა იყო ჩართული. შექმნილი იყო გეგმა, განსაზღვრული იყო კონკრეტული კოორდინატები, სადაც ამ საგუშაგოების ჩადგმის აუცილებლობა არსებობდა. ვერ ვპატრულირებდით და ამ პატრულირების აღსადგენად იყო საჭირო ეს საგუშაგო. გაკეთდა გეგმა. რა თქმა უნდა, ამ გეგმის შექმნაზე სუს-იც მუშაობდა, მათი ანალიტიკურიც და შინაგან საქმეთა სამინისტროც. ჯერ ეს ერთი EUMM-ზე მე რომ მეკითხებით, მე უკვე დიდი ხანია სახელმწიფო სამსახურში აღარ ვარ და თქვენი, კომისიის ვალდებულებაა, რომ ინფორმაცია გამოგეთხოვათ და იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოითხოვეთ. ივლისის ბოლოს თუ არ ვცდები, ამ ღონისძიებამდე დაახლოებით, 3 კვირით ადრე, EUMM წარმომადგენლები - თბილისის და გორის ოფისების ხელმძღვანელები მოწვეულები იყვნენ გულუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში და მათ გაეცნოთ ეს ყველა ინფორმაცია, კონკრეტული კოორდინატები და საგუშაგოების რაოდენობა. მე პირადად, ზუსტად იგივე ინფორმაცია, იგივე კოორდინატები გავუზიარე მაშინდელი სუს-ის ხელმძღვანელს, გომელაურს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუზიარა EUMM წარმომადგენლებს. შესაბამისად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის პროცედურა, რომელიც გუნდურობის თვალსაზრისით იყო საჭირო, ისევე როგორც EUMM-თან კარგი პრაქტიკის თუ შეთანხმებების საფუძველზე იყო აუცილებელი, იყო შესრულებული.
რაც შეეხება საკითხს, რამდენად აუცილებელი იყო ამ ტერიტორიაზე საგუშაგოების გახსნა - მე თქვენ, კომისიის თითოეულ წევრს და საქართველოს მოქალაქეს მინდა გავუზიარო შემდეგი ინფორმაცია - 2018 წელს ე.წ. ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტში დემილიტარიზაციის კომისია, რომელმაც საფუძვლად აიღო 1922 წლის აპრილში გამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ოლქის რუკა. ამ ხელოვნურ რუკაზე დააფუძნა გარკვეული კვლევები და ამათსავე აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაუგზავნეს ეს რუკა, როგორც საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი. ეს ცხინვალის ოკუპირებული ხაზის, რომელიც გახლავთ 350 კმ, გასწვრივ 200 კვადრატული კილომეტრის პრეტენზიას წარუდგენდა საქართველოს ფაქტობრივ ტერიტორიაზე. მე მინდა გითხრათ ერთი რამ - ეს არის 28 სხვადასხვა წერტილში პრეტენზია, რომელიც არსებობდა და ერთ-ერთი იყო ჩორჩანა, ერთ-ერთი იყო თრუსო. პრინციპულად მინდა ხაზგასმით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, ზუსტად, მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავდგით საგუშაგო ჩორჩანაში, 2019 წლის 2 სექტემბერს, ე.წ. ცხინვალის რეჟიმის გენერალურ პროკურატურაში აღიძრა საქმე ჩორჩანაში ჩვენს მიერ ჩადგმული საგუშაგოს გამო და იქ დაიწყო ზუსტად ის გამოძიება, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა აგრძელებს. ამის შემდეგ იგივე სექტემბერში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. პარლამენტში შექმნა ზუსტად ისეთი კომისია, რომელიც თქვენ გაქვთ შექმნილი,“ - განაცხადა გახარიამ.
0
0