
ალაბამას შტატის უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, შტატის კანონმდებლობის შესაბამისად, ადამიანის გაყინული ემბრიონები ჩვეულებრივ ბავშვებად ითვლებიან. მოსამართლეების თქმით, „ჯერ კიდევ დაუბადებელი სიცოცხლე, რომელიც არსებობას განაყოფიერებისთანავე იწყებს, ჩვეულებრივ ადამიანს წარმოადგენს და შესაბამისად, მისი უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული.“
სასამართლოს დადგენილებაში ნათქვამია, რომ „ჩვილთა უკანონო სიკვდილის შესახებ აქტი ეხება ყველა ბავშვს, როგორც დაბადებულს, ასევე დაუბადებელს, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. შესაბამისად, შტატში მცირეწლოვანთა უკანონო სიკვდილი, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა, დაუშვებელია.“
ალაბამას უზენასესი სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე მშობლის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას მოჰყვა კლინიკის წინააღმდეგ, სადაც მათი გაყინული ემბრიონები შემთხვევით განადგურდა. მოსარჩელეთა მტკიცებით, ემბრიონების განადგურება შტატში მოქმედ ჩვილთა უკანონო სიკვდილის შესახებ არსებული კანონის დარღვევას წარმოადგენდა.
ექსპერტების შეფასებით, სასამართლოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა შტატში ინ ვიტრო განაყოფიერებასა (IVF) და სხვა სამედიცინო პროცედურებზე ფართო გავლენა მოახდინოს.
„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, საერთო ჯამში, ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, რაც შეზღუდავს ალაბამელების უფლებებს, რომ ოჯახი შექმნან. შესაბამისად, მედიკოსები, ემბრიოლოგები გაუთვალისწინებელი შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან, როდესაც ისინი თავიანთი პაციენტების დახმარებას შეეცდებიან,“ - თქვა Gattaca Genomics-ის თანადამფუძნებელმა და მკვლევარმა მარი მიტრანიმ.
„სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენს უფლებებს და ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობას არღვევს. ექიმები ადამიანების დასახმარებლად ვარსებობთ. პოზიტიური განზრახვის კრიმინალიზაციის იდეა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგებს პაციენტებთან გვაპირისპირებს, რასაც დესტრუქციული შედეგები მოჰყვება", - განუცხადა CBS News-ს გინეკოლოგმა მერი ჯეიკობსონმა.
ალაბამას შტატის უზენაესი სასამართლოს განცხადებით კი, ალაბამას შტატის მოსახლეობამ სავსებით სამართლიანად მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც სასამართლოების მიერ დაუბადებელი სიცოცხლის სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0