"კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში” - ამ სახელწოდებით "ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო ღონისძიება გამართა, სადაც ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ იმ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კოალიციურ პარტნიორებთან შეთანხმებით გაატარებენ:
"ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებამდე, როდესაც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს არჩევანი - კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში. ეს არის სწორედ ის არჩევანი, რომლის წინაშეც საქართველო დგას 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ კეთილდღეობას ევროპაში, აირჩევენ ევროპულ პენსიებს ნაცვლად იმ მძიმე მდგომარეობისა, როდესაც პენსიონერთა უმრავლესობას აქვს საბანკო კაბალური სესხები, როდესაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე 4-ჯერ მეტს იხდის ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ჩვენი მშობლების თაობა, ამიტომ ჩვენ გავანულებთ საპენსიო სესხებს და ასევე გავზრდით პენსიებს. პენსიონერებისთვის ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ პენსია მინიმუმ 1000 ლარს შეადგენდეს.
რა გვინდა? გვინდა კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში, გვინდა ევროპული, ამერიკული ინვესტიციები ევროპული ხელფასები და მდგომარეობა, როდესაც თითქმის 500 ათასი საქართველოს მოქალაქე პრაქტიკულად უმუშევარია, რადგან შეუძლებელია ვთქვათ, რომ ადამიანი არის დასაქმებული, როდესაც შემოსავალი 300 ლარსაც კი არ აღემატება.
დიახ, ეს არის ის მძიმე მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოქალაქე უმრავლესობა ებრძვის, როდესაც ოჯახებისთვის ყოველდღიურობა არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ემიგრანტებს საქართველოში და ამისთვის შევქმნით პრეზიდენტი სააკაშვილის მილიარდიან ფონდს ემიგრანტების დასაბრუნებლად. " - განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ახალი კოალიციური მთავრობა, აუცილებლად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
"ეს არის ჩვენი ისტორიული მისია, ეს არის ჩვენი თაობის ისტორიული მისია, რომელსაც გპირდებით, რომ ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას შევიყვანთ ევროკავშირში. ერთიანობით ვიმარჯვებთ, ერთიანობით მოვიპოვებთ ევროპულ კეთილდღეობას, ეს არის ის არჩევანო, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე დარწმუნებული ვარ, რომ გააკეთებენ.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0