
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ქვეყნის გაძლიერებას. აღნიშნული კომენტარით პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც რუსეთთან ფრენების აღდგენას უკავშირდებოდა.
„ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, გაძლიერებას. დღეს ქვეყანა მდიდრდება – ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის ათი მილიარდი დოლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კიდევ ერთ კითხვაზე, რუსეთის ხარჯზე ხომ არ მდიდრდება ქვეყანა, პრემიერმა აღნიშნა:
„არა, არასწორია. თქვენ იტყუებით, თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, არასწორი ინფორმაციები არ უნდა ავრცელოთ. დღეს უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, ჩვენი ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, ქვეყანას აქვს ხუთი მილიარდ დოლარზე მეტი რეზერვი, გაიზარდა ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარება. ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად შევძელით დღეს რომ ბიზნესი ვითარდება, ეკონომიკა, მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას რომ აქვს ჩვენნაირი ეკონომიკური ზრდა. ომამდეც იყო 10%-იანი ეკონომიური ზრდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თანდათანობით აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. როგორ ფიქრობთ, 700 მილიონი ლარი, რომელიც ახლა გამოვყავით და დევნილებს სახლებს ვუშენებთ, საიდან ვუშენებთ? ეს ფული ჩვენ დავბეჭდეთ, თუ ციდან ცვივა? როგორ ხდება პენსიების, ხელფასების გაზრდა ან უამრავი პროექტი, რომელიც ჩვენ დავაფინანსეთ. ამას ხომ დაფიქრება სჭირდება.
გასაგებია, რომ ევროპას ძალიან მკაცრი მიდგომა აქვს. ჩვენ მათ, ჩვენს კოლეგებს და პარტნიორებს ვუთხარით, რომ ჩვენ ვერ გამოგვყვებით ამ პოლიტიკაში. ჩვენ არ ვართ არც ნატო-ს წევრი ქვეყანა, არც ევროკავშირის. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, პირდაპირი საზღვარი გვაქვს რუსეთთან და გვაქვს ჩვენი გამოწვევები. დაანებეთ თავი სხვა ქვეყნების ინტერესებზე ფიქრს, მუშაობას, ისინი თავად მიხედავენ საკუთარ ინტერესებს. დამერწმუნეთ, ხოშტარიას და სააკაშვილის დახმარება არ დასჭირდებათ, ისინი კარგად ფიქრობენ. შეგახსენებთ, ევროპამ 300 მილიარდი დოლარი გადაუხადა შარშან რუსეთს, ეს გააშუქეთ, ხალხს უთხარით, რომ მარტო საქართველო კი არ ვაჭრობს რუსეთთან ერთი მილიარდი დოლარით წელიწადში, არამედ 300 მილიარდ დოლარს უხდიდა რუსეთს შარშან, ომის დროს. იგივე ამერიკაც – ვაჭრობა არ შეუწყვეტიათ, არ შეუჩერებიათ იმ პროდუქციაზე, რაზეც სჭირდებათ. ეს ელაპარაკეთ ხალხს. თქვენი დეზინფორმაციული, დამახინჯებული, მიკერძოებული კითხვები არ უნდა დაუსვათ პოლიტიკოსებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა ინფორმაციას რუსეთთან რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, ხომ არ იწყება მოლაპარაკებები. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს ტყუილია და ამ მიმართულებით არაფერი არ ხდება. „არაფერი არ ხდება, წყნარად იყავით, ნუ ავრცელებთ ტყუილებს“, – განაცხადა პრემიერმა.
კიდევ ერთ კითხვას, ოდესმე განიხილება თუ არა რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის გავლით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა: „ჩვენი ქვეყანა თუ გაერთიანდება და ეს მოხდება აუცილებლად, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, შეიძლება, ბევრი რამ განვიხილოთ“.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026