16/04/2023
12:20
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა არ არის განწყობილი, რომ ხელოვნურად შეუშალოს ხელი პრეზიდენტს გეგმებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით ოდიშარია გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ მთავრობამ სტრასბურგში ვიზიტზე თანხმობა ხელოვნურად გააჭიანურა.
როგორც ოდიშარია განმარტავს, აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობისთვის დრო საკმარისზე მეტი იყო.
”როცა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში შემოვიდა წერილი, მეორე დღესვე იყო თანხმობა. წერილობით იყო მიწერილი თანხმობა პრეზიდენტისთვის. აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობისთვის დრო საკმარისზე მეტი იყო. გარწმუნებთ, საქართველოს მთავრობა არ არის განწყობილი, რომ, მითუმეტეს, ხელოვნურად შეუშალოს ხელი პრეზიდენტს მის გეგმებში“,- აღნიშნავს ოდიშარია.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მთავრობისგან თანხმობის ხელოვნურად გაჭიანურების გამო გადაიდო. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ინფორმაცია რომ ხელოვნურად გააჭიანურეს თანხმობის მიცემის პროცესი, სინამდვილეს არ შეესაბამება. მათივე ცნობით, ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში 12 აპრილს შევიდა და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.
0
0