-share.jpg)
2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
სასამართლოს დასკვნა ეფუძნება მომჩივან აკაკი ოჩიგავას მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას პატიმართა წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის შესახებ (რომელიც, სავარაუდოდ, სისტემატური ხასიათის იყო თბილისის No. 8 „გლდანის ციხეში“), ასევე დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფაქტების დამდგენი ვიზიტის საფუძველზე გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და დოკუმენტებს.
ევროპულმა სასამართლომ მიმოიხილა 2012 წლის სექტემბერში ქართულ მედიაში გავრცელებული კადრები ციხის სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის, გლდანის ციხეში (სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში) პატიმართა არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ („ციხის სკანდალი“). შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის მახასიათებელი“ პრობლემა იყო.
2012 წლის 29 ოქტომბრით და 5 დეკემბრით დათარიღებული საჩივრის თანახმად, 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის აგვისტომდე 11 იდენტიფიცირებული ციხის ოფიცრის მიერ განმეორებით განხორციელდა არასათანადო მოპყრობის ქმედებები გლდანის ციხეში. მომჩივანმა დეტალურად აღწერა საქართველოს ციხეებში პატიმრების წამების ფორმები:
პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურა; პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ; ე.წ. კარცერსა და იზოლირებულ საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც იდგა მხოლოდ მეტალის საწოლი, დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე სხდომა. საწოლი აკეცილი, და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და მომჩივანს მისი გამოყენება მხოლოდ 22:00-08:00 საათამდე შეეძლო; პატიმრებს ასევე უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში, მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა; პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა; ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა; პატიმრებისთვის სპეციალური სახის ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ; პატიმრებს შორის საუბარი დასაშვები იყო მხოლოდ ჩურჩულით.
2011 წლის ნოემბერში აკაკი ოჩიგავა განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს. ციხისა და სამოქალაქო საავადმყოფოებში სამედიცინო შემოწმებების შემდეგ ოჩიგავას დაუდგინდა ხერხემლის მძიმე ტრავმა და დაუყონებლივ ოპერაცია დაენიშნა. მცირე ხნის შემდეგ სამოქალაქო საავადმყოფოში ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ყავარჯნებით სიარული შეძლო. არასათანადო მოპყრობის გამო პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ ოჩიგავას გამომძიებლის რჩევით უნდა განეცხადებინა, რომ ტრავმა საწოლიდან გადმოვარდნისას მიიღო. მომჩივანმა ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც დაწესებულების თანამშრომლებმა ბეისბოლის ჩოგნით თითები დაუმტვრიეს. ასევე აკაკი ოჩიგავას ცემის გამო დაუკარგავს გონება, შემდეგ კი გარდაცვლილებს შორის ციხის მორგში მილზე ხელბორკილებით აბამდნენ.
მომჩივანი 2014 წლის 28 მარტიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
საქართველოს პროკურატურის გამოძიების შედეგად აკაკი ოჩიგავას წამების ფაქტზე 2017 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა არაერთი პირი, ხოლო 2018 წლის 6 თებერვალს ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნენ დამნაშავედ.
ევროპული სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ მორალური ზიანისთვის მომჩივანს 20,000 ევრო მიეკუთვნოს.
0
0