
უკრაინის რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ომში მყოფ ქვეყანას „უმადურობაში“ უსაფუძვლოდ ადანაშაულებს.
რუსლან სტეფანჩუკის თქმით, საქართველოს მიერ გაეროს რეზოლუციისთვის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, არა ქველმოქმედება, არამედ ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა.
რუსლან სტეფანჩუკი განცხადებას ქართულ ენაზე აქვეყნებს.
„გაოცებით წავიკითხე პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის „უმადურობის“ შესახებ. გაეროს რეზოლუციისთვის „მხარდაჭერა“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, არა ქველმოქმედება ან გმირობა, ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს.
გაოცებით წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის მხრიდან თითქოსდა „უმადურობის“ შესახებ იმის გამო, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. ამბობენ: ნათქვამი სიტყვა ხანჯალი არ არის — ქარქაშში ვეღარ ჩააგებო.
უკრაინელები მადლიერი ერია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც გვეხმარება საკუთარი თავისუფლებისა და არჩევანის უფლებისთვის ბრძოლაში. და ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ ქართველი ხალხის. ხალხის, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის ღირსება. ხალხის, რომელიც თამამად გამოდის თავისი ქალაქების მოედნებზე უკრაინის მხარდასაჭერად. ხალხის, რომელიც ქართველ მოხალისეთა ბატალიონების შემადგენლობაში მხარდამხარ იბრძვის საერთო რუსი მტრის წინააღმდეგ.
ამ ფონზე გაეროს რეზოლუციისთვის „მხარდაჭერა“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა. ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს.
ამიტომ მათ, ვინც უკრაინის (რომელიც სისხლისგან იცლება სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლაში) მიმართ „უმადურობაზე“ მუდმივი საყვედურებით ლაპარაკობს, სინამდვილეში საკუთარი ღირსების დაკარგვას ფარავს და სანაცვლოდ მდაბალ მორჩილებას ავლენს, მინდა შევახსენო დიდი ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის სიტყვები:„არ არსებობს არც ადამიანის თავისუფლების ფორმულა და არც წამალი ადამიანური იდიოტიზმისგან. პოლიტიკური ეფექტურობა — არ არის მთავარი. მთავარია — თავისუფლება“. დაბოლოს: უკრაინას არ სჭირდება დარიგებები იმ მორალისტებისგან, რომლებიც „რუსული სამყაროს“ ნარატივების რეტრანსლატორებად გვევლინებიან. უკრაინას სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები — ისინი, ვისაც ესმის: რაშისტულ ბოროტებასთან ბრძოლაში კომპლიმენტებს კი არ ითვლიან, არამედ აფასებენ პოზიციასა და მხარდაჭერას“, – წერს რუსლან სტეფანჩუკი.
0
0