ომი უკრაინაში, რუსეთის აგრესიული ქმედებები, ოკუპაცია და ნატოს მომავალი სამიტი - ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოსა და ისლანდიის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე.
გუდნი იოჰანესონი თბილისში დღეს ჩამოვიდა და პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთეს:
"ეს პერიოდი ზოგადად ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის ბედი წყდება უკრაინაში, სადაც სასტიკი ომი უნდა დასრულდეს აგრესიის და აგრესორის დამარცხებით და სუვერენიტეტის აღდგენით. ჩვენ განვიხილეთ დღევანდელი სიტუაცია ჰუმანიტარული ასპექტებით და შევთანხმდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სოლიდარობა ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის მიმართ.
ისლანდია, როგორც ნატოს დამფუძნებელი სახელმწიფო და საქართველო, რომლის კონსტიტუციის გამყარებული მიზანია ნატოში ინტეგრაცია, იზიარებენ ერთიან სულისკვეთებას, ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცების. ერთად განვიხილეთ ამ მხრივ შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი.
ვრცლად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უმძიმესი მდგომარეობა და სტრატეგიული გამოწვევა - ახალი ნაბიჯები, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში, რასაც აცხადებს რუსეთი და აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა წარმოადგენენ ახალ აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ და ასევე დესტაბილიზაციის ნაბიჯებს შავი ზღვის მიმართულებით" განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტის საუბრის თემა იყო კლიმატის ცვლილებებიც და ამ სფეროში ისლანდიის გამოცდილების გაზიარება.
დაგეგმილია ისლანდიის პრეზიდენტის შეხვედრები პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, გაიმართება საქართველო-ისლანდია ბიზნესშეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. იოჰანესონი საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა.
0
0