
განცხადებები, რომ თურმე, გაგიჟებულები არიან საქართველოზე და ზრუნავენ ქართველ ხალხზე, არის დიდი ტყუილი - არ დაიჯეროთ, მეგობრებო - ეს არის ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, უკრაინაში „სრული კატასტროფა და უბედურება ხდება“ და შესაბამისად, უნდა გაგრძელდეს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს.
„აბსოლუტურად გაუგებარია, რა კავშირშია ორი აღნიშნული კანონი ვიზალიბერალიზაციასთან. არანაირი ახსნა-განმარტება არ არის. ეს არის უბრალოდ ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა. თქვენ არ იფიქროთ, რომ მათ რაიმე კარგი ინტერესი აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, ყველა არის აბსოლუტურად ყალბი, რომ თურმე, გაგიჟებულები არიან საქართველოზე და ზრუნავენ ქართველ ხალხზე. არ დაიჯეროთ, მეგობრებო. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე. ეს ასე რომ იყოს, თუ მართლა ნამდვილი მეგობრები არიან, მაშინ არ მოგვიწოდებდნენ რომ [რუსეთის წინააღმდეგ] სანქციებს მიერთებოდა ქვეყანა, რეზოლუციებს არ მიღებდნენ და კაბინეტებში, პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის შანტაჟი არ იქნებოდა, რათა მეორე ფრონტი გახსნილიყო. მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ესეც გასაგებია. პოლიტიკაა, დიდი ქვეყნებია, თავიანთი ინტერესები აქვთ, მაგრამ ჩვენ ტვინი, ჭკუა ხომ გვაქვს?! არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცა დიდი ქვეყნის ინტერესების გამო. ნახეთ რა ხდება უკრაინაში, სრული კატასტროფა, სრული უბედურებაა უკრაინაში, შესაბამისად, უნდა გაგრძელდეს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს,“ - განაცხადა კალაძემ.
0
0