10/11/2022
14:10
პოლიტიკა
„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას შეფასებით, წარუმატებლობა და ბევრი არასწორი ნაბიჯია მიზეზი იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაარჩევნებზე საუბრობენ.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია, აქვს წარუმატებლობა, კასკადური შეცდომები და ახლა სურთ, ყველა წარუმატებლობა პარტიის თავმჯდომარეს დაბრალდეს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია, აქვს წარუმატებლობა, კასკადური შეცდომები და ეს ვიღაცას უნდა დაბრალდეს. შესაბამისად, მათ განტევების ვაცად აირჩიეს ნიკა მელია და უნდათ, ყველა წარუმატებლობა, რომელიც შეუძლებელია, ნიკა მელიას ბრალი ყოფილიყო, ახლა ნიკა მელიას დაბრალდეს. თან ისე კეთდება, რომ არანაირი ალტერნატიული გეგმა არ არსებობს, რაში გიშლის ხელს ნიკა მელიას არსებობა. აქედან გამომდინარე, პროცესების მიმართ სკეპტიკური ვარ, თორემ ჩემთვის ისედაც ცხადია, რომ ნიკა მელიას პასუხისმგებლობაა ბევრი არასწორი რამ, რაც ქართულ ოპოზიციაში მოხდა. ადამიანები, ვინც პრეტენზიას გამოხატავენ, საჯაროდ არ ამბობენ საკუთარი სურვილის შესახებ, რისი გაკეთება უნდათ და რაში ეშლებათ ხელი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, შეცვლის თუ არა რაიმეს შიდაპარტიული არჩევნები, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ „გირჩი“ პროცესს გულშემატკივრობს, რადგან სურთ, გაიგონ „ვინ არის უფროსი „ნაციონალურ მოძრაობაში“.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ამ პროცესს ვგულშემატკივრობთ, რათა გავიგოთ, ვინ არის უფროსი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათთან ელემენტარული კომუნიკაცია რომ შევძლოთ. ახლა არავინ არავის უფროსი არ არის, ყველა ყველას უფროსია და ვერასდროს ვერაფერს ვათანხმებთ. შეიძლება, ვიღაცას ერთ საკითხზე მოელაპარაკო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრი გამოდის და სხვა რამეს ამბობს. ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა პარტია, რომელთანაც რამეზე შეთანხმება, მოლაპარაკება და კონსენსუსი შეუძლებელია, რადგან მათი წევრები სხვადასხვა რამეს ფიქრობენ და სხვადასხვა რამეს საუბრობენ. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ პროცესების დამთავრებას ვგულშემატკივრობ, რათა ჩემთვის გასაგები იყოს, ვინ არის უფროსი, ვინ უმცროსი და რა უნდა ამ პარტიას. ჩვენ ვგულშემატკივრობდით „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას რამდენიმე პარტიად, სადაც იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს პოლიტიკაში არიან, სხვა ფორმატით მოგვიწევდა ურთიერთობა, მაგრამ ბუნებაში რომ აორთქლდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ არ არსებობდეს, ჩვენ ეს არ გვიგულისხმია და რეალური არც არის“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
0
0