29/06/2023
20:30
სამხედრო
განსაკუთრებული მოწიწებით ჩემი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ჩვენს გმირ მებრძოლებს, ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს. მე ქედს ვიხრი თქვენი გმირობის წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობის სახელით თქვენ მიერ გაღებული სისხლისთვის, თქვენი ვაჟკაცობისთვის, თქვენი თავდაუზოგავი შემართებისთვის, თავდადებისთვის და გმირობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ და ქართულმა ჯარმა, ჩვენმა ჯარისკაცებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თავი არ დაზოგა არცერთმა სამხედრომ, ღირსეულად მოვიხადეთ ვალი ყველა მისიაში, იქნებოდა ეს ერაყის მისია, ავღანეთის მისია თუ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენი მისია.
„ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, პატივცემულო სტუმრებო, მინდა ყველას მოგესალმოთ და მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის.
განსაკუთრებული მოწიწებით ჩემი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ჩვენს გმირ მებრძოლებს, ჩვენს დაუმარცხებელ, დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს. მე ქედს ვიხრი თქვენი გმირობის წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობის სახელით თქვენ მიერ გაღებული სისხლისთვის, თქვენი ვაჟკაცობისთვის, თქვენი თავდაუზოგავი შემართებისთვის, თავდადებისთვის და გმირობისთვის. ჩვენი მთავრობა არის ვალში თქვენთან. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენი ვალია, ყველასი, - მთავრობის, მთელი საზოგადოების, რომ ჩვენი საქმით გამოვხატოთ თქვენ მიმართ მადლიერება. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ, ჩვენი სამინისტრო, ჩვენი მთავრობა ვცდილობთ კონკრეტული საქმით გამოვხატოთ თქვენდამი დამოკიდებულება.
იცით, რომ ჩვენ დავაწესეთ სპეციალურად თქვენთვის დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღე, რომ კიდევ ერთხელ სიმბოლურად აღვნიშნოთ, შევიკრიბოთ და თქვენ მიმართ მადლიერება გამოვხატოთ. მე ასევე მინდა მადლიერება გამოვხატო და მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გაუტეხელი სულისთვის, მიუხედავად სირთულეებისა, თქვენ არ წყვეტთ ბრძოლას, მოღვაწეობას. მინდა სიამაყით აღვნიშნო თქვენ მიერ მიღწეული წარმატებები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს საამაყოა, და კიდევ ერთხელ ადასტურებთ თქვენ, რომ თქვენი სული, ქართული სული არის გაუტეხელი. მე ასევე მინდა აღვნიშნო მადლიერებით და მივესალმო ჩვენს პარტნიორებს, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ეს შესანიშნავი ცენტრიც არის ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი. რეგიონში შეიქმნა ერთ-ერთი სანიმუშო, სამაგალითო რეაბილიტაციის ცენტრი და სწორედ ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარების შედეგად შეიქმნა, ასევე ჩვენი თანამონაწილეობით. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის, ეს არის სიმბოლური გამოხატულება. თქვენ იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს.
ასევე მინდა აღვნიშნო სიამაყით და კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, ისევე როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველომ და ქართულმა ჯარმა, ჩვენმა ჯარისკაცებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თავი არ დაზოგა არცერთმა სამხედრომ. ჩვენ ღირსეულად მოვიხადეთ ვალი ყველა მისიაში, იქნებოდა ეს ერაყის მისია, ავღანეთის მისია თუ იქნებოდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენი მისია. ყველგან ვიყავით წარმოდგენილი ღირსეულად და ჩვენი გმირობით, შეუპოვრობით, გაუტეხელი სულით ვაჩვენეთ, თუ რას ნიშნავს იყო ერთგული და ღირსეული პარტნიორი. ჩვენ ეს ღირსეული პარტნიორობა და ჩვენი ერთგულება დავუმტკიცეთ ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ჩვენს ნატოს წევრ ქვეყნებს და მხარდამხარ ვომობდით, ვიბრძოდით და ვიცავდით საერთაშორისო მშვიდობას, ვებრძოდით ტერორიზმს. ამ ბრძოლებში ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, ჩვენმა მეომრებმა ყველაზე ძვირფასი გაიღეს, საკუთარი სისხლი გაიღეს. 32 გმირი შეეწირა ამ მისიას. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცი, ჩვენი ძმები, ასევე მათაც გაიღეს ყველაზე ძვირფასი - ჯანმრთელობა.
ასე რომ, მე მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, საქართველო არის პირნათელი, ჩემო ძმებო და ჩემო მეგობრებო, ყველას წინაშე. ჩვენ ყოველთვის ღირსეულად ვმოქმედებდით და ღირსეულად ვმოქმედებთ დღესაც. ჩვენ ამაყად წარმოვადგენდით ჩვენს ამაყ, თავისუფლებისმოყვარე ხალხს, ჩვენს ერს და ჩვენს სახელმწიფოს. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა იმედი იმისა, რომ ჩვენი ეს ღვაწლი და თქვენი ღვაწლი, ჩემო ძმებო, იქნება დაფასებული სათანადოდ. ყველა ის წარმატება, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, გეკუთვნით თქვენ, ეკუთვნის ჩვენს ჯარს, ეკუთვნის ზოგადად ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ჩვენი მთავრობა, რა თქმა უნდა, აგრძელებს ბრძოლას ამ მიმართულებით. ჩვენ ვართ მოწოდებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენი ჯარის ტრანსფორმაციის პროცესი, ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მადლიერებით აღვნიშნავთ იმ წვლილს და ღვაწლს, რომელიც მიუძღვით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, ჩვენს ნატოს წევრ ქვეყნებს ჩვენი ჯარის ტრანსფორმაციის, მომზადების პროცესში და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ვართ მადლიერნი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს. მადლობა ყველაფრისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღე 30 ივნისს აღინიშნება. მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაზე შეკრებილ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ქვეყნის წინაშე დაჭრილ-დაშავებული სამხედროების ღვაწლზე ისაუბრა.
სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე დაჭრილ მებრძოლთა ღონისძიებების კვირეული მშვილდის სროლასა და ველორბოლაში საჩვენებელი სპორტული შეჯიბრებებით გაიხსნა.
კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია 11 ინდივიდუალური და ორი გუნდური სპორტული შეჯიბრება. დაჭრილი სამხედროები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოცდიან კალათბურთში, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში, სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიებების ფარგლებში, ღია კარის დღე გაიმართება დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. დაგეგმილია სამხედრო ტექნიკის გამოფენა და გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის.
0
0